
კომპრომისები ხარისხზე არ იქნება - ლევან ჟორჟოლიანი სახელმწიფო შესყიდვებში გატარებულ ცვლილებებზე
სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მთავრობა ხარისხზე კომპრომისის დაშვებას არ აპირებს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჟორჟოლიანის კომენტარს თავად მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, უწყების ინფორმაციით, მთავრობის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვისას სახელმწიფომ გადაიხადოს „სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება“, ხოლო შედეგად მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა.
„ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია. ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები. ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2 ან 3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებს,“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე განცხადებით, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მასშტაბური რეფორმა, რომელიც ძირითადად სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო.
ჟორჟოლიანის თქმით, ამ პერიოდში განისაზღვრა სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და შრომის საბაზრო ღირებულებები, დაინერგა მრავალწლიანი პროექტებისთვის ინდექსაციის მექანიზმი და განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები.
„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა მასალების, მანქანა-მექანიზმების, შრომის ანაზღაურების საბაზრო ღირებულებები ქვეყანაში. ჩვენ შემოვიტანეთ ინდექსაცია, რაც მრავალწლიან პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შემცირდება ფასები, ეს აისახება საერთო თანხაზეც,“ – აღნიშნა მან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეიცვალა პროექტების განხორციელების მიდგომაც და „დიზაინ-ბილდის“ პრაქტიკის ნაცვლად აქცენტი სრულფასოვან პროექტირებაზე კეთდება.
„ჩვენ გვწამს, რომ რაც უფრო მეტს დახარჯავ პროექტზე, მით უფრო მეტ ხარისხს მიიღებ ჯამში და მშენებლობის პროცესში ნაკლები დანახარჯი ექნება სახელმწიფოს,“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა.