
კონგოში ებოლათი ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქებამ ყველა წინა ტალღას გადააჭარბა - ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე ეპიდემია გახდა. ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა 6 000-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 3 000-ს უახლოვდება.
ამ დროისთვის არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი ებოლას "ბუნდიბუგიოს" შტამის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, მიმდინარე აფეთქება არის "ებოლას ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ეპიდემია ისტორიაში". ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სამედიცინო პერსონალი ახალი შემთხვევების მიკვლევასა და მათზე რეაგირებას ახერხებს. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ბევრი ახალი ინფიცირებული იმ პირთა წრეში არ იმყოფებოდა, რომლებიც კონტაქტების მონიტორინგის სისტემაში იყვნენ ჩართულნი.
კონგოს კავშირგაბმულობის სამინისტრომ 31 აგვისტოს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დადასტურებულია 6 041 შემთხვევა, "მათ შორის 1 366 გამოჯანმრთელება და 2 911 გარდაცვალება. კიდევ 619 პაციენტი იზოლაციაში ან ჰოსპიტალიზებულია".
ეპიდემიასთან ბრძოლა არაერთ სირთულეს აწყდება. შემთხვევების უმეტესობა კონცენტრირებულია კონგოს აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში უსაფრთხოების მხრივ მძიმე მდგომარეობაა შეიარაღებული კონფლიქტის, მოსახლეობის გადაადგილებისა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" (MSF) აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებები, აეროპორტების დახურვა და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები ართულებს სამედიცინო დახმარების გაწევას, აფერხებს პერსონალის გადაადგილებას, დიაგნოსტიკასა და მომარაგების ჯაჭვს.
სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ აგვისტოს დასაწყისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაიფიცნენ. ისინი გაუცემელ ხელფასებსა და გაუსაძლის სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.
პარალელურად, მეზობელი უგანდა 28 აგვისტოს ებოლასგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 42 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.
BM.GE
წყარო: bm.ge