
ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის მოქალაქეებისთვის უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა
ტაილანდის ხელისუფლებამ ქვეყანაში 60-დღიანი უვიზო ყოფნის წესი ოფიციალურად გააუქმა და 60 სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ტურისტული ვიზის გარეშე დარჩენის ვადა 30 დღემდე შეამცირა.
სამეფოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის 15 სექტემბრიდან შევა და ის ტურისტული მიზნით მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება. ცვლილების შედეგად, ქართველ მოგზაურებს საზღვრის კვეთისას ორთვიანი ნებართვის ნაცვლად ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ ერთი თვით მიეცემათ.
საყურადღებოა, რომ მოგზაურებს, რომლებსაც ქვეყანაში ერთ თვეზე მეტხანს დარჩენა სურთ, ადგილზე საიმიგრაციო სამსახურის მეშვეობით ვადის კიდევ 30 დღით ერთჯერადად გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნებათ. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, განახლებული უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტურისტულ ვიზიტებს მოიცავს და მოკლევადიან საქმიან აქტივობებს აღარ ითვალისწინებს. ამას გარდა, სახმელეთო გამშვები პუნქტებით ტაილანდში უვიზოდ შესვლა კალენდარული წლის განმავლობაში მოგზაურებს მხოლოდ ორჯერ შეეძლებათ.
რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ტაილანდში 15 სექტემბრამდე შევლენ, ისინი საზღვარზე მიღებულ 60-დღიან ვადას სრულად შეინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ხელისუფლებამ 93 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 60-დღიანი უვიზო რეჟიმი 2024 წლის ივლისში აამოქმედა. ეს ინიციატივა მიზნად პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურიზმის სექტორის სწრაფ სტიმულირებას ისახავდა.
BM.GE
წყარო: bm.ge