
"კორპორაციას გაზაფხულზე გაზის შესასყიდად საკმარისი თანხა არ აქვს" - მთავრობა GOGC-ს ₾80 მლნ სუბსიდიას და ₾100 მლნ-ის სესხს მისცემს
"კომპანიას არ აქვს სათანადო რესურსი მომდევნო წლის გაზაფხულზე სრულად დააფინანსოს ე.წ. ოფციური გაზის შესყიდვა", - წერს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შესახებ.
2026 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად, სამინისტრო კორპორაციას 80 მილიონ ლარს გამოუყოფს სუბსიდიის სახით, ხოლო 100 მილიონი ლარი იქნება კრედიტი, რომელიც კორპორაციამ 2027 წელს უნდა დააბრუნოს. ფინანსთა სამინისტრო მთავარ მიზეზად რის გამოც კომპანიას სათანადო რესურსები არ აქვს გაზის შესასყიდად უთითებს იმ გარემოებას, რომ GOGC უკვე მრავალი წელია ახდენს მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის სუბსიდირებას, რაც მას მიუღებელი შემოსავლის სახით ასობით მილიონი ლარი უჯდება. კრედიტს ამ კორპორაციაზე ეკონომიკის სამინისტრო გასცემს.
"ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის გადასაცემად სამინისტროს გამოეყოფა 180 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ კორპორაცია გასული წლების განმავლობაში მუდმივად აფინანსებს მოსახლეობის მომარაგების მიზნით შესყიდულ და გაყიდულ ბუნებრივი აირის ფასებს შორის სხვაობას. აღნიშნული მაჩვენებლები, როგორც კვაზი-ფისკალური ხარჯი და შესაბამისად კომპანიის მიუღებელი შემოსავალი ასახულია ყოველწლიურად ბიუჯეტზე თანდართულ ფისკალური რისკების დოკუმენტში. წლების განმავლობაში ზემოაღნიშნული ხარჯიდან გამომდინარე კომპანიას არ აქვს სათანადო რესურსი მომდევნო წლის გაზაფხულზე სრულად დააფინანსოს ე.წ. ოფციური გაზის შესყიდვა, რომელიც წლის განმავლობაში უნდა განაწილდეს ბუნებრივი აირის მომხმარებლებზე. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა სუბსიდიის სახით კომპანიას გამოეყოს 80,0 მლნ ლარი, ხოლო დროებითი ფინანსური დახმარების სახით 100,0 მლნ ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნდება მომდევნო წლის ბოლოს", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
ის რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციას ბიუჯეტისგან დამატებითი რესურსების მიღება დასჭირდებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იყო პროგნოზირებული. აუდიტი ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითებდა იმაზე რომ კომპანიას მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის სუბსიდირების გამო კაპიტალის მუდმივი საჭიროება გააჩნია, რის გამოც მას საბიუჯეტო დახმარება შეიძლება დასჭირდეს.
ცენტრალურმა ბიუჯეტმა კორპორაციას სესხი პირველად 2022 წლის ბოლოს გამოუყო 230 მილიონი ლარის ოდენობით. კრედიტი ერთ წელში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მისი სრულად გასტუმრება ამ დრომდე არ მომხდარა.
"სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. საწარმოს კორპორაციული განზრახვის განაცხადებში აღნიშნულია, რომ კომპანიას მომავალში შესაძლოა დაუდგეს ლიკვიდურობის შენარჩუნების რისკები, სხვადასხვა გარემოებათა გამო, როგორებიცაა:
• სოციალური გაზის სექტორის სუბსიდირება; • არსებული „სატარიფო მეთოდოლოგიის“ პირობებში, მშენებლობისა დარეაბილიტაციის პროექტების განხორციელება; • კომერციული სექტორის ცალკეულ მომხმარებელზე საქართველოს მთავრობის მიერგანსაზღვრულ ფასად ბუნებრივი გაზის მიწოდება; • „კორპორაციის“ და/ან „კორპორაციის“ შვილობილი საწარმოების წინაშე მესამე პირებისმხრიდან არსებული დავალიანების და/ან დამდგარი ფინანსურ-მატერიალურიპასუხისმგებლობის სრულად, ან ნაწილობრივ ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება, წარედგინა თუ არა განსახილველად საქართველოს მთავრობას შესაბამისი წინადადება აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, ინფორმაცია არ არის ასახული 2025 წელს გამოქვეყნებულ სახელმწიფო საწარმოთა აგრეგირებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, რისკის საერთო რეიტინგით კორპორაცია 2022-2024 წლებში შეფასებული იყო, როგორც ─ საშუალო რისკიანი,"- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს კორპორაციას მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირება 135 მილიონი ლარი დაუჯდა; 2024 წელს ეს თანხა 93 მილიონი ლარი იყო; 2023 წელს 302 მილიონი ლარი; 2022 წელს კი 337 მილიონი ლარი; 2021 წელს 301 მილიონი ლარი; 2020 წელს კი 198 მილიონი ლარი. შესაბამისად, ბოლო 5 წელში კორპორაციამ ტარიფის სუბსიდირების გამო 1.17 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. ამის გამო 2022 წელს კორპორაციაში ლიკვიდობის პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც ორგანიზაციამ დახმარებისთვის ფინანსთა სამინისტროს მიმართა, რომელმაც მას 2022 წლის დეკემბერში 230 მილიონი ლარის სესხი გამოუყო. თავდაპირველად ითქვა რომ კრედიტი ერთწლიანი იყო და კორპორაცია მას ერთ წელში დაფარავდა, თუმცა როგორც ირკვევა კომპანიაში კაპიტალის პრობლემები გრძელდება და სესხი ამ დრომდე არ არის დაფარული. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ GOGC-ს ამ დრომდე აქვს დასაფარი 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რომლის დაფარვაც 2027 წლის ბოლომდე გადავადდა.
თუმცა, ამის პარალელურად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობას აფრთხილებს, რომ სოციალური გაზის ტარიფის სუბსიდირების გამო კორპორაცია შესაძლოა ლიკვიდობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge