
კორუფცია მსოფლიოსა და საქართველოში - ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები
საეჭვო გარიგებები, ქრთამი, სისტემური ნეპოტიზმი და საკუთარ ყულაბად ქცეული სახელმწიფო ბიუჯეტები - კორუფცია მრავალგვარი ფორმით ვლინდება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ის საჯარო ცხოვრებისა და მმართველობის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ბოლო ინდექსი (CPI) ნათლად აჩვენებს, თუ რომელ სახელმწიფოებშია ეს პრობლემა ყველაზე მწვავე. ინდექსი მსოფლიოს 182 ქვეყანასა და ტერიტორიას 100-ბალიანი სისტემით აფასებს, სადაც 0 ქულა უკიდურეს კორუმპირებულობას, ხოლო 100 ქულა აბსოლუტურ სისუფთავეს ნიშნავს.
რეიტინგის სათავეში, როგორც ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოები 80-ზე მაღალი ქულით, ტრადიციულად სკანდინავიური ქვეყნები არიან: დანია და ფინეთი, ასევე უნაკლო რეპუტაციის მქონე სინგაპური.
ცხრილის მეორე ბოლოში კი ლათინური ამერიკისა და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები ჭარბობენ.
ეკვატორული გვინეა, ჩრდილოეთ კორეა, სირია | 15/100
ეკვატორული გვინეა ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოთა ანტირეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს და 100-დან მხოლოდ 15 ქულა აქვს. ქვეყანა, რომელსაც 1979 წლიდან ერთი პრეზიდენტი უცვლელად მართავს, კოლოსალური ნავთობშემოსავლების მიუხედავად, მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბით ხასიათდება. სიმდიდრე კი მმართველი ელიტის ხელშია კონცენტრირებული. ქვეყნის ვიცე პრეზიდენტის, იგივე პრეზიდენტის უფროსი ვაჟის წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე ფულის გათეთრებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო არაერთი გამოძიება მიმდინარეობს, რეჟიმს კი მაღალი დონის კორუფციული ბრალდებები წლებია თან სდევს.
ჩრდილოეთ კორეა ეკვატორულ გვინეასთან ერთად მე-9 პოზიციას ინაწილებს და იდენტურ, 15 ქულას იმსახურებს. რეპრესიულ ქვეყანაში, სადაც რიგითი მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და შიმშილს ებრძვის, კიმ ჩენ ინი და მმართველი ელიტა ექსტრავაგანტური პრივილეგიებით სარგებლობენ. ქრთამი გამჯდარია ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯარშიც კი. ირონიულია, თუმცა რიგითი მოქალაქეებისთვის კორუფცია გადარჩენის საშუალებადაც იქცა: ჩინოვნიკებისთვის ქრთამის მიცემით ისინი ახერხებენ, სახელმწიფო სისტემის გვერდის ავლით პირველადი მოხმარების პროდუქტებითა და საკვებით უკანონოდ ივაჭრონ.
სირიაც ყველაზე კორუმპირებულთა შორის მე-9 საფეხურზეა და მისი შეფასებაც 15 ქულას შეადგენს. ათწლეულზე მეტი ხნის სამოქალაქო ომის შემდეგ, კორუფცია ქვეყნის ეკონომიკის ყველა სფეროში დამკვიდრდა - სახელმწიფო შესყიდვებითა და ჰუმანიტარული დახმარებით დაწყებული, იარაღით, ნარკოტიკებითა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობით დამთავრებული. 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობამ ცვლილებების იმედი გააჩინა, თუმცა გარდამავალ ეტაპზე გაუმჭვირვალე კონტრაქტები და სუსტი ზედამხედველობა აჩვენებს, რომ ძველი ინსტიტუციური მანკიერებების აღმოფხვრა მარტივი არ არის.
ნიკარაგუა, სუდანი | 14/100
ნიკარაგუა კორუმპირებულ ქვეყნებს შორის მე-7 ადგილს იკავებს და მისი მაჩვენებელი 100-დან მხოლოდ 14 ქულაა. ქვეყანაში კორუფცია სისტემურია და მოიცავს სამთავრობო სტრუქტურებს, სახელმწიფო შესყიდვებსა და ლიცენზირებას, ხოლო სასამართლო სისტემა სრულად მოწყვლადია პოლიტიკური გავლენებისა და მოსყიდვის წინაშე. გაეროს ექსპერტების შეფასებით, ცოლ-ქმარი თანაპრეზიდენტების - როსარიო მურილიოსა და დანიელ ორტეგას მმართველობის ქვეშ, სახელმწიფო სახსრები უკანონოდ მიემართება უსაფრთხოების ძალებისა და მმართველი პარტიის უკანონო საქმიანობების დასაფინანსებლად.
სუდანი ნიკარაგუასთან ერთად მე-7 პოზიციაზე იმყოფება და ანალოგიურად მწირი, 14 ქულა აქვს მინიჭებული. ქვეყანაში მრავალწლიანი ენდემური კორუფცია პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, სამხედრო რეჟიმმა და სამოქალაქო ომმა კიდევ უფრო გააღრმავა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა უსაფრთხოების სექტორში: სამხედრო დაჯგუფებებმა ოქროს, ტელეკომუნიკაციებისა და სურსათის სექტორებში საკუთარი ბიზნესიმპერიები შექმნეს, რამაც 2023 წელს ქვეყანა სრულმასშტაბიან ომამდე მიიყვანა.
ერიტრეა, ლიბია, იემენი | 13/100
ერიტრეა ანტირეიტინგში მე-4 ადგილზეა და მისი შედეგი სულ რაღაც 13 ქულას შეადგენს. "აფრიკის ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ" წოდებულ ქვეყანას 1993 წლიდან პრეზიდენტი ისაიას აფვერკი მართავს. ძალაუფლება და ეკონომიკური აქტივები სრულად მმართველი პარტიის ხელშია. დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არარსებობამ ქვეყანაში სრული დაუსჯელობის სინდრომი შექმნა, ხოლო სახელმწიფო აქტორები ხშირად პირდაპირ ფიგურირებენ კონტრაბანდასა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში.
ლიბიაც მე-4 ადგილს იყოფს 100-დან 13 ქულით. მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის (2011 წ.) შემდეგ, ნავთობით მდიდარი სახელმწიფო პოლიტიკურმა ფრაგმენტაციამ და ინსტიტუციურმა სისუსტემ მოიცვა. პოლიტიკური დაჯგუფებები და გასამხედროებული ძალები გაუმჭვირვალე სახელმწიფო ინსტიტუტებს აღდგენითი ფონდებისა და საბიუჯეტო რესურსების მისათვისებლად იყენებენ, რის გამოც ქვეყნის უზარმაზარი ნავთობსიმდიდრე ინფრასტრუქტურასა და საჯარო სერვისებში ფაქტობრივად არ აისახება.
იემენი ამ სამეულს ასრულებს ასევე 13 ქულით. 2014 წელს დაწყებულმა სამოქალაქო ომმა კორუფციის მასშტაბები უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის დანაწევრებულ ქვეყანაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებასა და სახელმწიფო აქტივებზე წვდომა ძალაუფლებისა და პირადი გამდიდრების მთავარ წყაროდ იქცა, მაკონტროლებელ ინსტიტუტებს კი რაიმე სახის ზეგავლენის ბერკეტი აღარ გააჩნიათ.
ვენესუელა | 10/100
ვენესუელა მსოფლიოს მე-3 ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც კატასტროფულად დაბალი, 10 ქულა აქვს. ნიკოლას მადუროს დიქტატურისა და წინა რეჟიმების პირობებში სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად ჩამოიშალა. სახელმწიფო ნავთობკომპანია მუდმივად ფიგურირებს ფულის გათეთრებისა და მსხვილ კორუფციულ საერთაშორისო სკანდალებში, რამაც ოდესღაც რეგიონის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა უმძიმეს ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა.
სომალი, სამხრეთ სუდანი | 9/100
სომალი რეიტინგის ბოლო იკავებს ყველაზე კორუმპირებულთა შორის და 100-დან მხოლოდ 9 ქულა აქვს. მუდმივმა სამხედრო კონფლიქტებმა ქვეყნის ინსტიტუტები სრულად გაანადგურა. კორუფცია განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება სახელმწიფო შესყიდვებში, სადაც კანონის ნაცვლად კლანური ლოიალობა და გავლენები წყვეტს ყველაფერს. ტერორისტული დაჯგუფება "ალ-შაბააბის" მუდმივი საფრთხისა და სუსტი აღსრულების გამო, ქვეყანაში ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნა ვერ ხერხდება.
სამხრეთ სუდანი სომალისთან ერთად 1-ელ პოზიციას იყოფს მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოთა შორის და მისი შედეგიც უმდაბლესი - 9 ქულაა. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოში მმართველი ელიტა სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარ პირად ფონდად იყენებს. გაეროს 2025 წლის გამოძიებამ ქვეყნის ხელმძღვანელობა სახელმწიფო ფინანსების სისტემურ ძარცვაში დაადანაშაულა. თვალსაჩინო მაგალითია ერთ-ერთი უმსხვილესი საგზაო პროექტი: გამოყოფილი 2.2 მილიარდი დოლარიდან 1.7 მილიარდი უკვალოდ გაქრა, დაგეგმილი გზების 95% კი საერთოდ დაუსრულებელი დარჩა.
საქართველო | 50/100
საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციის აღქმას საქართველოშიც აკვირდება, ქვეყნის შედეგი კი ბოლო ინდექსით საგრძნობლად გაუარესდა: საქართველომ 100-დან 50 ქულა დააგროვა, 182 ქვეყანას შორის 56-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით 3 პოზიციით ჩამოქვეითდა.
ქულის გაუარესებას ანგარიში პირდაპირ უკავშირებსქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას: "აგენტების კანონს", მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვას, სასამართლოზე კონტროლის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის შეჩერებას, რაც ქვეყანაში კორუფციის რისკებს მკვეთრად ზრდის.
ამაზ მიუთითებს "ქართული ოცნების" მაღალჩნოსანთა გახმაურებული დაკავებებიც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. სამართლებრივ პასუხისგებაში უკვე მიეცნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სხვა მაღალჩინოსნები.
50-ქულიანი ნიშნული ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოსთვის ყველაზე ცუდი შედეგია. ისტორიული დინამიკა აჩვენებს, რომ 2018 წლის პიკური მაჩვენებლის (58 ქულა) შემდეგ ქვეყანაში ჯერ სტაგნაცია, ხოლო ბოლო წლებში მკვეთრი დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერის პოზიციას ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ქვეყანას მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია.
BM.GE
წყარო: bm.ge