
კორუფცია სისტემურ პრობლემად რჩება - აკაკი ცომაია
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო საწარმოების მიერ გამომუშავებული ფულის არამიზნობრივი ხარჯვა სისტემურ ხასიათს ატარებს - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია BMG-სთან ნავთობის და გაზის კორპორაციაზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის კომენტირებისას აცხადებს.
ცომაია ამჟამინდელი მთავრობის განცხადებებს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში ვითარება არსებითად არ შეცვლილა და პროცესი უფრო ძველ მმართველობასთან ანგარიშსწორებას ჰგავს.
„ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ 2022-2023 წლის შემდეგ კობახიძის პერიოდში არსებითად გამოსწორდა ვითარება... პირადად მე ვერ ვხედავ ამის ობიექტურ ნიშნებს. უფრო ვენდეტას ჰგავს და რევანშს ძველ მმართველობასთან, ვიდრე კორუფციასთან ბრძოლას.
კორუფციის პრობლემა სისტემურ პრობლემად რჩება. ამის ფაქტები გვაქვს არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, არამედ წმინდა საბიუჯეტო სექტორშიც, სადაც საჯარო მოხელეების მიმართ პრივილეგირებული დამოკიდებულებაა და უაზროდ მაღალი ხელფასები ზოგიერთი პირის შემთხვევაში. ეს მიუთითებს, რომ არამიზნობრივად იხარჯება სახსრები და ამას არც სჭირდება დიდი გამოკვლევა და დამტკიცება“ - აცხადებს ცომაია BMG-სთან.
ამასთან, ეკონომისტი ფიქრობს, რომ საქართველოში „ურთიერთდამაბალანსებელი ინსტიტუტები“ (Checks and Balances) აღარ არსებობს, რაც სახელმწიფოს არსებობის მთავარი ნიშანია.
„იქ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ყველაფერზე - კანონმდებელიც არის, აღმასრულებელიც არის, მოსამართლეც არის და პლუს პროპაგანდისტიც, რა სახელმწიფოზე ვსაუბრობთ ჩვენ? შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენ სახელმწიფო დღეს არა გვაქვს“ - ამბობს ცომაია და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, რაც საჯარო მოხელეებს საბიუჯეტო სახსრების მითვისებისკენ უხსნის გზას.