
კოვიდვაქცინების გაყიდვების ზრდის ფონზე Moderna-ს შემოსავლები გაიზარდა
პარასკევს კომპანია Moderna-მ 2026 წლის პირველი კვარტალის შემოსავლებით უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა, რასაც ხელი საერთაშორისო ბაზრებზე COVID-19-ის ვაქცინის მოსალოდნელზე მაღალმა გაყიდვებმა შეუწყო.
ვაქცინის მწარმოებელმა ყურადღება საზღვარგარეთ მას შემდეგ გადაიტანა, რაც აშშ-ის იმუნიზაციის პოლიტიკა ჯანდაცვის მდივნის - ბოლო წლების განმავლობაში ანტივაქსერული მოძრაობის აქტივისტის - რობერტ ფ. კენედი უმცროსის ხელმძღვანელობით მკვეთრად შეიცვალა. ამან კოვიდვაქცინების გამოყენების რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაურკვევლობა გააჩინა.
"ვიმედოვნებთ, რომ ამის დიდი ნაწილი უკვე წარსულში დარჩა", - განუცხადა Reuters-ს მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ჯეიმი მოკმა და დასძინა, რომ კომპანია 2026 წელს აშშ-ის კოვიდბაზარზე უფრო სტაბილურ სიტუაციას ელის.
Moderna-მ 2026 წლის შემოსავლების ზრდის 10%-იანი პროგნოზი დაადასტურა, სადაც შემოსავლების დაახლოებით ნახევარი აშშ-ზე მოდის (გასულ წელს ეს მაჩვენებელი 62% იყო).
პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წინა წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და 389 მილიონ დოლარს მიაღწია. აქედან თითქმის 80% საერთაშორისო გაყიდვებზე (დიდ ბრიტანეთთან, კანადასა და ავსტრალიასთან პარტნიორობაზე) მოდის.
Moderna მეორე კვარტალის შემოსავალს 50-დან 100 მილიონ დოლარამდე ელის, რაც აშშ-სა და საერთაშორისო ბაზრებზე თანაბრად გადანაწილდება. LSEG-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს (130.6 მილიონი დოლარი) ჩამორჩება.
პარასკევს ნაშუადღევს ვაჭრობისას კომპანიის აქციები 2%-ზე მეტით დაეცა.
რაც შეეხება მოგებას, პირველ კვარტალში ზარალმა ერთ აქციაზე 3.40 დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების საპროგნოზო 3.96-დოლარიან ზარალზე უკეთესი მაჩვენებელია.
ინვესტორები მოელიან, რომ Moderna (რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ხარჯებს ამცირებს) კოვიდვაქცინების მიღმა ზრდის ახალ და უფრო მდგრად წყაროებს იპოვის. ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს mRNA ტექნოლოგიის გრძელვადიანი კომერციული პერსპექტივა. სწორედ ეს ტექნოლოგია გამოიყენებოდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების უმეტესობაში.
Moderna დიდ იმედებს ამყარებს რესპირატორულ ვაქცინებზე, მათ შორის, კოვიდისა და გრიპის კომბინირებულ ვაქცინაზე, ასევე პერსონალიზებულ ონკოლოგიურ ვაქცინაზე, რომელსაც პარტნიორ Merck-თან ერთად ავითარებს.
BM.GE
წყარო: bm.ge