
კრიზისული პერიოდი დავძლიეთ და ამჟამად, ტურისტულ პიკში ვიმყოფებით - "ჩექინ თრეველი"
ტურიზმის სექტორმა კრიზისული პერიოდი დაძლია და ამჟამად აქტიურ პიკშია - ამის შესახებ BMG-სთან ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველის“ დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, მიუხედავად საავიაციო საწვავის გაძვირებისა და გაზაფხულზე დაფიქსირებული მასობრივი გაუქმებისა, ტურისტული ინდუსტრია ზაფხულის სეზონს რეკორდული მაჩვენებლებით ხვდება - მარტსა და აპრილში განვითარებული მოვლენების გამო, ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა, თუმცა, როგორც ლევან ოსეფაიშვილი განმარტავს, მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ბაზარს მალევე დაუბრუნდა.
„აპრილის ბოლოდან, საკმაოდ აქტიურად წამოვიდა ჯავშნები ზაფხულის მიმართულებით. ცნობილი მოვლენების გამო, მარტი-აპრილის პერიოდში ჯავშნების ძალიან დიდი რაოდენობა გაუქმდა. თუმცა, ვინც ამ პერიოდში სახლში დარჩენა და დალოდება გადაწყვიტა, დღეისთვის, მათი 90-95% უკვე დაბრუნდა და ზაფხულის სეზონზე დაჯავშნა მოგზაურობა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ნამდვილად პიკში ვიმყოფებით.
კრიზისული პერიოდი ნამდვილად აღარ არსებობს. დარწმუნებული ვარ, დინამიკა კიდევ უფრო აღმავალი იქნება. ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ, გასული წლის ნიშნულს მივაღწევთ და უფრო უკეთეს შედეგებსაც დავდებთ, ვიდრე ეს 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში იყო დაგეგმილი“ - ამბობს ოსეფაიშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, კომპანიამ მოახერხა ნაკადების დაბალანსება და იმ ტურისტების გადამისამართება, რომელთაც ფრენები გაუუქმდათ. განსაკუთრებული აქტივობა წელს ევროპის მიმართულებით და კრუიზებზე შეინიშნება.
ამასთან, ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად საავიაციო საწვავის ფასის ზრდა რჩება, რაც პირდაპირ აისახა ბილეთების ღირებულებაზე. განსაკუთრებით გაძვირდა შორეული, ტრანსატლანტიკური ფრენები.
„საავიაციო საწვავის გაძვირებამ დიდი სხვაობა მოგვცა. ზოგ ბილეთზე 40-50%-იანი, ზოგან კი 60%-იანი ფასნამატიც კი დაფიქსირდა. მინიმალური ზრდა 30%-ს შეადგენს. თუმცა, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, რომელთაც საწვავის საკმარისი მარაგი ჰქონდათ, მოახერხა ფასების პირველადი ტენდენციის შენარჩუნება, რაც მოგზაურობას ჯერჯერობით ხელმისაწვდომს ხდის.