
„კურორტს 6 თვეც შეუძლია იმუშაოს“ - „ტრაფიკ თრეველი“ გუდაურის სეზონის გახანგრძლივების პოტენციალზე
გუდაური ზამთრის სეზონზე ტურისტების მიღების კუთხით კვლავ მოთხოვნად მიმართულებად რჩება, თუმცა კურორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები არსებული პოტენციალის სრულად ათვისების საშუალებას არ იძლევა.
როგორც ტურისტული კომპანია Traffic Travel-ის დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ BM.GE-ს განუცხადა, გუდაურის პრობლემა ტურისტების ნაკლებობა არ არის - კურორტი ყოველწლიურად ივსება, თუმცა შესაძლებელია გაცილებით მეტი ვიზიტორის მიღება და მეტი შემოსავლის გენერირება.
მისი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ტურისტებისთვის გადაადგილების ხარისხი. მისივე თქმით, გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის გამო სეზონის პერიოდში გადაადგილებას ხშირად საათობით შეფერხებები ახლავს.
„შუა ზაფხულში, გახურებულ სეზონზე დაიწყეს გუდაური-ყაზბეგისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია. არის ერთი ხიდი, რომელიც ალბათ 10-15 მეტრია და მეხუთე თვეა ვერ მორჩნენ. ამ ხიდზე ერთ ზოლში მოძრაობაა დაშვებული და კატასტროფაა. 2 საათი გვიწევს იქ დგომა, საცობი, მტვერი, ტალახი, არეულობა. ეს ძალიან გვიტეხავს სახელს. ერთხელ რომ წავა ადამიანი ყაზბეგში და ასეთ საცობს ნახავს, მეორედ ჯერ მოუნდეს ყაზბეგში ან საერთოდ საქართველოში ჩამოსვლა“, - განაცხადა მან.
ჯაფარიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემები მხოლოდ გუდაური-ყაზბეგის გზას არ უკავშირდება და მსგავსი გამოწვევებია რიკოთის მიმართულებითაც და ზოგადად საქართველოს მასშტაბით. ამასთან, ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი გუდაურის ზამთრის სეზონისთვის ინფრასტრუქტურის მზაობასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ოპტიმიზმს არ გამოხატავს. მისი თქმით, კურორტზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განცხადებები სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთდა და გაურკვეველია, რამდენად მოხერხდება მათი დროულად განხორციელება.
„ყოველ წელს იგივე პრობლემებია გუდაურში და ალბათ წელსაც იგივე პრობლემები იქნება. რაღაც მინიმალური კეთდება. მაგალითად, ტროტუარს აკეთებენ, მაგრამ ამის ხარჯზე გზა დაავიწროვეს, რომელზედაც ისედაც სულ საცობი იდგა. რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ ხშირად ისეთი გადაწყვეტილებებია, რომლებიც ერთ პრობლემას აგვარებს და მეორეს ქმნის“, - აღნიშნა მან.
მისივე შეფასებით, გუდაურს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს სეზონის გახანგრძლივების მიმართულებით. თოვლის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულად გამოყენების შემთხვევაში, კურორტზე სეზონის ნოემბერშივე დაწყება და მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელება იქნებოდა შესაძლებელი.
„კურორტს შეუძლია 6 თვეც იმუშაოს, თუ თოვლის გენერატორები დამონტაჟებული და გამართული იქნება. როგორც კი ნოემბრის მეორე ნახევრიდან ტემპერატურა სტაბილურად მინუსშია, შეგვიძლია კურორტი ავამუშაოთ. წელს მაისის შუა რიცხვებამდე შეიძლებოდა სრიალი, მაგრამ სეზონი 16-18 აპრილს დახურეს. კიდევ ერთი თვე შეიძლებოდა სეზონი ყოფილიყო“, - ამბობს ცოტნე.
მისივე ინფორმაციით, გუდაურში ზამთრის სეზონზე მოთხოვნა ამ ეტაპზე სტაბილურია და წინასწარი ჯავშნებიც ჩვეულებრივ ტემპში მიმდინარეობს. თუმცა, მისი შეფასებით, კურორტს გაცილებით მეტი ტურისტის მიღება და, შესაბამისად, უფრო მეტი შემოსავლის გენერირება შეუძლია.
„გუდაური არ არის იმხელა კურორტი, რომ ვერ შეავსო სტუმრებით. რამდენიმე სასტუმროა, რომელიც ასე თუ ისე აკმაყოფილებს სტანდარტს და ადამიანი კმაყოფილი წამოდის. გუდაური ყოველწლიურად ივსება და უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩამოდის. პოტენციალი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ არ იზრდება. რეალურად ბევრად მეტი ხალხის მიღება შეგვიძლია და ბევრად მეტი შემოსავლის გენერირება უნდა ხდებოდეს კურორტზე“, - განაცხადა „ტრაფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა.
ცოტნეს თქმით, 2026 წლის მაისი-ივლისის პერიოდში ტურისტულ სექტორში დასავლეთის ბაზრებიდან მოთხოვნის საგრძნობი შემცირება შეინიშნებოდა, თუმცა აგვისტო-სექტემბერში ბაზარი ნაწილობრივ აღდგა. ამასთან, მისი თქმით, ვიზიტორების გეოგრაფია უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად პროგნოზირებადი გახდა - ტურისტები ჩამოდიოდნენ ევროპიდან, აზიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და სხვა რეგიონებიდან : „მაისი, ივნისი, ივლისი საკმაოდ პასიური იყო. ბევრი ტურისტული კომპანია, რომელიც დასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობს, ანალოგიურ მდგომარეობაში იყო. აგვისტო-სექტემბერში უკვე აღდგენის რეჟიმში გადავედით, ტურიზმმა მოიმატა, თუმცა დემოგრაფია საკმაოდ არეული იყო და ვერ გაიგებდი, ხალხი საიდან ჩამოდიოდა“, - აღნიშნა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge