
ლარი ელისონმა საკუთარი შვილის მიერ Warner Bros. Discovery-ის შესყიდვის დასაფინანსებლად მრავალმილიარდიანი სესხები აიღო
Oracle-ის დამფუძნებელმა, ლარი ელისონმა საკუთარი შვილის, დევიდის მიერ Warner Bros. Discovery-ის შესყიდვის დასაფინანსებლად მრავალმილიარდიანი სესხები აიღო.
როგორც ირკვევა, მილიარდერი თავდაპირველად დაახლოებით $7.5 მილიარდის ღირებულების Oracle-ის აქციების გაყიდვას გეგმავდა, თუმცა სექტემბერში ეს განზრახვა შეცვალა. $81-მილიარდიანი გარიგების დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიზნესმენმა სესხების მოცულობა ხუთ უმსხვილეს ბანკში გაზარდა. WSJ-ს მიერ მოპოვებულ სიაში დასახელებულია: Citigroup-ი, HSBC, JPMorgan-ი, UBS-ი და BNP Paribas.
აღსანიშნავია, რომ კრედიტების უზრუნველსაყოფად ელისონმა გირაოში Oracle-ისა და Tesla-ს აქციებთან ერთად, პირველად ჩადო მისი წილები SpaceX-ში და Paramount Skydance-ში.
კალიფორნიის მარეგულირებელ ორგანოებში წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ლარი ელისონი ამ ფაქტმა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდივიდუალურ მსესხებელად აქცია. Oracle-ის სექტემბრის მონაცემებით, მილიარდერს პირადი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაახლოებით $58 მილიარდის ღირებულების 413 მილიონი აქცია აქვს დაგირავებული, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 346 მილიონს შეადგენდა.
ცნობისთვის, აქციების გაყიდვის ნაცვლად სესხების აღება მილიარდერებში გავრცელებული სტრატეგიაა, რაც მათ აქტივების შენარჩუნებისა და კაპიტალის ნამატზე გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. შეგახსენებთ, რომ Forbes-ი ლარი ელისონის ქონებას $169 მილიარდად აფასებს, რისი ძირითადი წყაროც Oracle-ის 40%-იანი წილია. ამ აქტივების უდიდესი ნაწილი სასესხო ვალდებულებებით დატვირთული არ არის.
BM.GE
წყარო: bm.ge