
"ლარის კურსი დოლართან არ არის ₾2.1, რადგან სებ-მა ასე გადაწყვიტა" - კითხვები ეროვნულ ბანკთან|ინტერვიუ
"ხომ არ მოვიდა დრო, სავალუტო რეზერვების ზრდას ლარის გამყარება ვამჯობინოთ?!” - ეს არის კითხვა, რომელსაც ბოლო პერიოდში ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აქტიურად სვამს. მისი ძირითადი შეკითხვა შეეხება იმას, რამდენად მართებულია მაღალი (წლიური ინფლაცია 5,6%-ია, როცა მიზნობრივი დონე 3%-ია) ინფლაციის ფონზე, დოლართან მიმართებით ლარის კურსის ₾2.61-იან ნიშნულზე შენარჩუნება, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციების შემცირებით ან/და სხვა ზომების გამოყენებით, შესაძლებელია, 1 დოლარის ღირებულება 2 ლარის ნიშნულს მარტივად მიუახლოვდეს.
ეროვნული ბანკის (სებ) მიერ სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკა ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა BMG TV-ის გადაცემა „წერტილშიც” გააკრიტიკა. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ დაჩქარებული ინფლაციის პირობებში სებ-ის პრიორიტეტი ინფლაციის სტაბილურობა უნდა იყოს და არა - სავალუტო რეზერვების რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზრდა, თან მაშინ, როდესაც რეზერვების დონემ უკვე 8.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ წელს, რვა თვეში სებ-მა ეკონომიკიდან 3 მილიარდ დოლარზე მეტი ამოიღო. შედეგად, სავალუტო რეზერვების მოცულობამ 8 მილიარდ 140 მილიონ დოლარს მიაღწია, საიდანაც 1 მილიარდ დოლარს ოქროს რეზერვები შეადგენს. საქართველოს სავალუტო რეზერვები ერთწლიან ჭრილში 56%-ით არის გაზრდილი, რის შედეგადაც არსებული მოცულობა სავალუტო ფონდის (IMF) ადეკვატურობის ნორმის 128.2%-ს შეადგენს.
“ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და არა - რაც შეიძლება მეტი რეზერვის დაგროვება. ჩვენ ვიხდით ფასს იმისთვის, რომ რეზერვები შეივსოს... ეს არის გადაწყვეტილება, რომლის ფასსაც მოქალაქეები (სამიზნე ნიშნულზე) ორჯერ უფრო მაღალი ინფლაციით ვიხდით“, - აღნიშნავს ეკონომისტი.
გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ეკონომიკაში არსებული ჭარბი დოლარის პირობებში რეზერვების შესყიდვის შენელება ან/და სხვა ზომების განხორციელება ანუ ეკონომიკიდან ნაკლები დოლარის ამოღება ლარს გამყარების (2.1-2.2 ნიშნულამდე) საშუალებას მისცემდა, რაც იმპორტირებულ ფასებსა და ინფლაციურ წნეხს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სებ-ი „გადაფარვის სტრატეგიას“ იყენებს: „იმის მაგივრად, რომ პასუხი მოვთხოვოთ ეროვნულ ბანკს, რატომ არ ზრუნავს ინფლაციის შემცირებაზე, ის ატარებს გადაფარვის ოპერაციას, რომ დაგვაჯეროს, თითქოს მსოფლიო რეკორდებს ვამყარებთ რეზერვების შევსებაში“.
მისივე თქმით, რეზერვების რეკორდული ზრდით სებ-ი და მთავრობა რეალურ პრობლემებს - მაღალ ფასებსა და სტაგნაციურ შრომის ბაზარს ნიღბავენ. ამასთან, ეკონომისტის აზრით, მაღალი ინფლაცია მთავრობასაც აწყობს, რადგან საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილი ფასები ავტომატურად ზრდის ნომინალურ საგადასახადო ბაზას (მაგალითად, დღგ-ს), რაც ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის მარტივად შესრულებასა და გადაჭარბებას უზრუნველყოფს.
“ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ნათია თურნავას რეზერვების შევსებისთვის. შეიძლება, თვითონ პრემიერს ბოლომდე არც ესმის, რაში იხდის მადლობას, მაგრამ სამადლობელი ნამდვილად აქვს”, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
ინტერვიუ გიორგი ხიშტოვანთან
- ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რატომ არის პრიორიტეტი სავალუტო რეზერვების შევსება და ირწმუნებიან, რომ ეს ირიბად ლარის სტაბილურობასაც ეხმარება. ახლა თქვენი არგუმენტები გვითხარით: რატომ სჯობს, მაგალითად, სებ-მა თვეში 200 ან 250 მილიონი დოლარი შეისყიდოს და ამოიღოს ეკონომიკიდან და არა - $500 ან $600 მილიონი, როგორც ბოლო თვეებში ყიდულობს, რათა ლარს მეტი გამყარების საშუალება მიეცეს?
- სებ-ის მენეჯმენტის ასეთი განცხადება არის ჭკვიანური, რიტორიკული ხრიკი იმ გაგებით, რომ სხვა თანაბარ პირობებში, რა თქმა უნდა, რაც მეტია ეროვნული ბანკის რეზერვები ქვეყნის ეკონომიკაში, მით უფრო სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს ის ეკონომიკა. ამიტომაც, ასე განყენებულად, მხოლოდ ვაკუუმში თუ მოვისმენთ, ეს განცხადება სწორია, მაგრამ თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ, ეს უკვე კითხვებს ბადებს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი იყენებს „გადაფარვის სტრატეგიას“. სამწუხაროდ, სებ-ის ეს PR ძალიან ჰგავს უკვე „ქართული ოცნების“ მთავრობის PR-ს, როდესაც აქცენტირება კეთდება საკითხზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. მისი მანდატი არ არის რაც შეიძლება მეტი რეზერვის დაგროვება...
- თუმცა როცა შეუძლია, სებ-მა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და სტაბილურ განვითარებას, რისთვისაც სავალუტო რეზერვებიც მნიშვნელოვანია…
- გეთანხმებით, მაგრამ მისი მთავარი მანდატი მაინც ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც ქვეყანაში ინფლაცია ორჯერ აღემატება სამიზნე მაჩვენებელს. თავის განცხადებებში ეროვნული ბანკი ხშირად ამბობს, რომ ინფლაციური წნეხი პრობლემაა და ვერ აღწევს იმ მიზანს, რომ სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდეს. რა გზა აქვს ეროვნულ ბანკს იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შეამციროს?! - კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეზერვების შევსება გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკაში არის ჭარბი დოლარი, კომერციულ ბანკებს აქვთ ჭარბი დოლარი, ეროვნული ბანკი მათგან ყიდულობს ამ დოლარს და ბაზარს აწვდის ლარს… მოდით, ბრჭყალებს გარეთ გავიტანოთ ის მოცემულობა, თუ ასეთი რაოდენობით ჭარბი ლარის შესვლას ეკონომიკაში რა გავლენა აქვს ინფლაციაზე - სხვა თანაბარ პირობებში ეს ინფლაციას ზრდის, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. როდესაც არსებობს ჭარბი დოლარი და უკვე დიდი პერიოდია თვიდან თვემდე ვხედავთ, რომ ამ ჭარბი დოლარის მოცულობა ზოგ თვეში 400 მილიონს შეადგენს, ზოგში - $500 მილიონს და ბოლოს თითქმის 600 მილიონი იყო (ჭარბ დოლარში ვგულისხმობთ იმ შესყიდვას, რასაც ბაზარი აწვდის სებ-ს, ხომ?! დოლარს ხომ არ ბეჭდავს ეროვნული ბანკი) - ანუ ეკონომიკა აძლევს საშუალებას და ისიც ყიდულობს. შესაბამისად, ჩვენ ვიტყოდით, რომ ლარის კურსი დღეს სავსებით შესაძლებელია იყოს არა - ₾2.61, არამედ ბევრად უფრო გამყარებული. ეს საბაზრო პრინციპია: როდის მყარდება ეროვნული ვალუტა? - როდესაც მასზე არის მაღალი მოთხოვნა. ჩვენ რა რეალობას ვაფიქსირებთ: იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს არ უნდა ლარის გამყარება, [ის ყიდულობს დოლარს…] შესაბამისად, მას აქვს შესაძლებლობა ინფლაციის პრობლემა მოაგვაროს, რადგან ჩვენთან და ამას მგონი ეროვნული ბანკიც აღიარებს - ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება სერიოზულ წნეხს ხსნის ფასებზე. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, 2.1–2.2 კურსი დოლართან მიმართებით გამოიწვევდა ფასების შოკის შემცირებას და ინფლაციის დაწევას; რეალობა კი შემდეგი გვაქვს: ეროვნულმა ბანკმა აირჩია რეზერვების შევსება და უგულებელყო ის გარემოება, რომ ამ რეზერვების უფრო ნელა შეძენით ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ლარის კურსის გამყარებას შეუშალა ხელი.
- რატომ არ უნდა უნდოდეს სებ-ს ლარის გამყარება?
- პირველი ახსნა არის ის, რომ უბრალოდ ასეთი პოლიტიკა აქვს ეროვნულ ბანკს - მან უპირატესობა მიანიჭა რეზერვების შევსებას და ნაწილობრივ მაინც უგულებელყო ფასების სტაბილურობის მისია. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უბრალოდ, აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რატომ გვყავს ეროვნული ბანკი და რატომ არის ფასების სტაბილურობა მნიშვნელოვანი: იმიტომ, რომ მოსახლეობა, ჩვენ ყველანი, ფასების არასტაბილურობის გამო ვღარიბდებით! თუ ეს პოლიტიკის გადაწყვეტილებაა, რომ რეზერვებს ვავსებთ, ეს არის ფასი, რომელსაც იხდის მოქალაქე. მოქალაქეს შეეძლო ინფლაციის ნაწილში მეტი სარგებელი მიეღო იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსი იქნებოდა არა - ₾2.6, არამედ - ₾2.1 ანუ ჩვენ ვიხდით ფასს იმისთვის, რომ რეზერვები შეივსოს.
- თუმცა თუ იქნება კრიზისი, ლარი სწრაფად გაუფასურდება და ეროვნულ ბანკს არ ექნება საკმარისი რეზერვები, ფასის გადახდა ისევ ჩვენ - მოქალაქეებს, ეკონომიკას მოუწევს… მაგალითად, 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, $700 მილიონამდე გაყიდა სებ-მა... რომ არ ჰქონოდა, რას გაყიდდა?
- დიახ, სწორია. უბრალოდ, ეს არის გადაწყვეტილება და უნდა გვესმოდეს, რომ ამ გადაწყვეტილების ფასსაც ვიხდით ჩვენ - მოქალაქეები. ამ გადაწყვეტილებას ჩვენთან შეთანხმების გარეშე იღებს ეროვნული ბანკი. მერე ძალზე გასაგები ხდება და თვალში გვხვდება, რომ ამ რეზერვების შევსებას PR-კამპანიის სახე აქვს, თითქოს მსოფლიო რეკორდებს ვამყარებდეთ. რატომ ვთქვი, რომ ეს არის გადაფარვის ოპერაცია?! - იმიტომ, რომ გვაქვს ერთი პრობლემა - ფასების მაღალი ზრდა (ოფიციალურად თითქმის 6%-ია, რეალურად შეიძლება უფრო მეტიც იყოს, ინფლაცია უფრო კარგად რომ ითვლებოდეს). ეს მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა. იმის მაგივრად, რომ პასუხი მოვთხოვოთ ეროვნულ ბანკს, რატომ არ ზრუნავს ინფლაციის 3%-მდე ჩამოყვანაზე, ის ატარებს გადაფარვის ოპერაციას, რომ დაგვაჯეროს, თითქოს რეკორდებს ვამყარებთ რეზერვების შევსებაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის მთავრობა. საინტერესოა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ნათია თურნავას რეზერვების შევსებისთვის. ამ მადლობაში, შეიძლება თვითონ პრემიერს ბოლომდე არც ესმის, რაში იხდის მადლობას, მაგრამ სამადლობელი ნამდვილად აქვს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა მაღალი ინფლაციით სერიოზულ სარგებელს ნახულობს. რატომ? იმიტომ, რომ საგადასახადო შემოსავლები ბევრად მარტივად იკრიფება, როცა ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა. დღეს საქართველოში რომ იყოს 1%-იანი ინფლაცია, როგორც ორი წლის წინ იყო, ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის შესრულება შეუძლებელი გახდებოდა. დღეის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით გვაქვს ნომინალური 9%-იანი ზრდა (8 თვის მონაცემებით), გეგმა არის 6.5%-ზე და დღეს ფინანსთა სამინისტრო ამაყად ამბობს, რომ ბიუჯეტს ზედმეტობით ასრულებს და ხარჯების გაზრდაც შეუძლია. რომ ყოფილიყო 3%-იანი ან უფრო დაბალი ინფლაცია (იმ პირობებში, როცა გაცვლითი კურსი შეიძლებოდა ყოფილიყო 2.1 და არა 2.6), ვნახავდით, რომ ხაზინას ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულებაზე პრობლემები ექნებოდა, ისევე როგორც შარშან. შესაბამისად, იმით, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს ავსებს და არ უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის გამყარებას, ის ეხმარება საქართველოს მთავრობას საბიუჯეტო გეგმის შესრულებაში. ამიტომაც არის ირაკლი კობახიძის ნათია თურნავასთვის გადახდილი მადლობა სწორი. ანუ, იმისთვის, რომ მთავრობამ შეასრულოს საბიუჯეტო გეგმა, ჩვენ ვიხდით ფასს - ორჯერ უფრო მაღალ ინფლაციას, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.
- თუმცა ბაზარი და ეკონომიკა თითქოს მიეჩვია, რომ ლარი სტაბილურია და ეს 2.61–2.62 კურსი წონასწორული წერტილია. თქვენ ასე არ ფიქრობთ? უფრო დაბალი უნდა იყოს ეროვნული ვალუტის კურსი?
- გავიხსენოთ, რატომ გაუფასურდა ლარი ასე ნახტომისებურად. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური არასტაბილურობიდან გამომდინარე, დეპოზიტარებმა ლარის ანაბრების დოლარში გადაყვანა დაიწყეს. ლარის კურსმა დაიწყო დოლართან მიმართებით გაუფასურება და ბანკებს გაუჩნდათ დოლარის მობილიზების საჭიროება, გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე, ეროვნულმა ბანკმა მიაწოდა მათ დოლარი და ძლივს მოახერხა ლარის გაუფასურების შეჩერება. თუ ეს ლოგიკა მუშაობს, საპირისპიროდ რატომ არ მუშაობს?! თუ უკვე ერთი წელია ჭარბი დოლარია და ლარზე არის ზედმეტი მოთხოვნა, რატომ არ მყარდება ლარი?! ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ლარის კურსი დოლართან ₾2.6 თუ არის, კარგია, მაგრამ თავის დროზე ხომ იყო ₾1.4, მერე ₾1.8, მერე - ₾2.1. ახლა რატომ არ შეიძლება ლარი მყარდებოდეს?! ეს არის პოლიტიკის შედეგი: დღეს ლარის კურსი დოლართან არის ₾2.61 იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა ასე გადაწყვიტა. სხვანაირად რომ გადაეწყვიტა, იქნებოდა ₾2.1. აი, ეს უნდა გვესმოდეს.
- ისეთი თემაა, ფართო დისკუსიას იმსახურებს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელობა, კობა გვენეტაძისა და მისი მოადგილეებისგან განსხვავებით, ღია არაა მედიასთან... რადგან კობა გვენეტაძე ვახსენე, ის ხშირად იყენებდა ფრაზას: „რეზერვები მაშინ უნდა აგროვო, როდესაც კარგი ამინდიაო“. მის დროს ეკონომიკაში კარგი ამინდები ნაკლებად იყო, მაგრამ ნათია თურნავას პოლიტიკის სასარგებლოდ რატომ არ შეიძლება ითქვას, რომ თუ ახლა იძლევა ეკონომიკა და სავალუტო ნაკადები საშუალებას, არ უნდა შეისყიდოს დოლარი?
- სწორედ ეს არის რიტორიკული ხრიკი. რამდენადაც არ უნდა ეცადოთ, ვერ მათქმევინებთ, რომ რეზერვების შეგროვება აპრიორი ცუდია. აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენი და რა პირობებში უნდა შეგროვდეს. ქვეყანაში 2%-იანი ინფლაცია რომ გვქონდეს, არ იყოს საწვავის ფასის კრიზისი და ინფლაცია არ წარმოადგენდეს სერიოზულ პრობლემას მოსახლეობისთვის (რომლის ხელფასებიც არ იზრდება ისე, როგორც 3 წლის წინ იზრდებოდა), მაშინ ვიტყოდი: კი, რაც შეიძლება მეტი შევაგროვოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აპრიორი რეზერვების შეგროვება ყოველთვის კარგი არ არის - არსებობს კონტექსტი. ამ კონტექსტში კი სებ-ი ეხმარება ფინანსთა სამინისტროს გადასახადების შეგროვებაში და მიიღო გადაწყვეტილება, ინფლაციისა და ჩვენი კეთილდღეობის ხარჯზე შეაგროვოს უფრო მეტი რეზერვი. ოღონდ ამაზე ღიად არ გველაპარაკება, უბრალოდ აკეთებს განცხადებებს და გვეუბნება, რომ რაც მეტია რეზერვი, მით უკეთესია. აი, ეს არის ჩემთვის პრობლემა.
BM.GE
წყარო: bm.ge