
Li Ning სტეფ კარის ფეხსაცმელების ახალი პარტნიორია
სტეფ კარიმ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეთანხმებას მიაღწია ჩინურ სპორტულ ბრენდთან Li-Ning და მისი პირადი „Curry Brand“ სწორედ ამ კომპანიის ქვეშ გააგრძელებს საქმიანობას. გასული სეზონის დიდი ნაწილი კარიმ ფეხსაცმლის კონტრაქტის გარეშე გაატარა, ახლა კი ახალი, მასშტაბური პარტნიორობა იწყება.
ESPN-ის ინფორმაციით, ხელშეკრულება 10-წლიანია და მოიცავს საკალათბურთო, ყოველდღიური სპორტული ტანსაცმლის და სრულ გოლფის ხაზს. გარდა ამისა, კარის უფლება ექნება საკუთარი ბრენდის ქვეშ სხვა სპორტსმენებიც დააკონტრაქტოს.
„Curry Brand-ის მომავალი დაფუძნებული იქნება კომპანიაზე, რომელიც ნამდვილად არის სპორტსა და ინოვაციებზე ორიენტირებული,“ - დაწერა კარიმ სოციალურ ქსელში.
კარი 2013 წლიდან თანამშრომლობდა Under Armour-თან. 2025 წლის ნოემბერში ორივე მხარემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობას წყვეტდნენ. მანამდე, კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, კარის პარტნიორი Nike იყო.
Under Armour-თან დაშორების შეთანხმების ნაწილი ისიც იყო, რომ 12-გზის NBA All-Star-ს საკუთარი „Curry Brand“ შეენარჩუნებინა და სხვა კომპანიაში გადაეტანა.
2025-26 წლების სეზონში კარიმ სხვადასხვა ბრენდის ფეხსაცმლით ითამაშა. აპრილში მან ეს ფეხსაცმელები აუქციონზე გაიტანა და 1.7 მილიონი დოლარი მოაგროვა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის, Eat. Learn. Play. Foundation მხარდასაჭერად.
Li-Ning 1990 წელს დააარსა ჩინელმა ტანმოვარჯიშემ Li Ning-მა, რომელმაც 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Li-Ning-ის ფეხსაცმელი NBA-ში პირველად 2006 წელს გამოჩნდა, როდესაც „კლივლენდის“ მცველმა Damon Jones-მა მოირგო. ამით Li-Ning გახდა პირველი ჩინური სპორტული ბრენდი, რომელიც NBA-ის მოთამაშემ ოფიციალურ მატჩში გამოიყენა.
კომპანიის ყველაზე დიდი წარმატება 2012 წელს დადგა, როდესაც მან კონტრაქტი გააფორმა დუეინ ვეიდთან და შექმნა ცნობილი „Way of Wade“ ხაზი.