მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლონდონის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება "ავიატორის" საქმეზე - დავა ბრენდსა და საავტორო უფლებებზე გრძელდება
ლონდონის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება "ავიატორის" საქმეზე - დავა ბრენდსა და საავტორო უფლებებზე გრძელდება

ლონდონის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება "ავიატორის" საქმეზე - დავა ბრენდსა და საავტორო უფლებებზე გრძელდება

BM.GE29 ივნისი, 2026, 15:18|bm.ge

ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ონლაინ აზარტულ თამაშ „ავიატორის“ სახელწოდებასა და ვიზუალურ იდენტობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა გრძელდება - ამის შესახებ ირკვევა სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შუალედურ გადაწყვეტილებაში, რომელიც 22 მაისით არის დათარიღებული. სამართლებრივ პროცესში მოსარჩელეები არიან შპს "ავიატორი", "ავიატორ სტუდიო", ხოლო მეორე მხარესაა ბიზნესმენ დავით ნატროშვილის მიერ დაფუძნებული Spribe OÜ, რომელიც რეგისტრირებულია ესტონეთში.

სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შუალედურია და ის ჯერჯერობით არ ეხება დავის საბოლოო არსს - ანუ იმას, თუ ვის ეკუთვნის „Aviator“-ის ბრენდი, ლოგო და შესაბამისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. ამჟამად სასამართლო მსჯელობდა დავის პროცედურულ ასპექტებზე, და იმაზე როგორ შეფასდეს საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენა ინგლისში მიმდინარე პროცესზე, რადგან 2025 წლის 20 მაისს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო Spribe-ის სარჩელი და ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ Spribe-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები "ავიატორის" საავტორო უფლებებს არღვევდა.

დავის საგანია თამაშის ლოგო და საავტორო უფლებები

დავა ეხება ე.წ. crash game ფორმატის ონლაინ თამაშს, ეს არის თამაშის კატეგორია, სადაც მოთამაშე ფსონს აკეთებს და თანხის გამოტანას ცდილობს მანამდე, სანამ თამაშის შემთხვევითი დასრულების მომენტი დადგება. აღნიშნული თამაში უკვე მსოფლიო მასშტაბით არის პოპულარული, საიდანაც Spribe-მა დიდძალი შემოსავალი მიიღო.

მხარეები თანხმდებიან, რომ თამაშის პროგრამული ნაწილი Spribe-მა შექმნა, თუმცა დავის მთავარი საკითხია თამაშის ვიზუალური იდენტობა — მათ შორის ლოგო, თვითმფრინავის გამოსახულება და სხვა გრაფიკული ელემენტები, რომლებიც ავიატორის განცხადებით სწორედ მათი ინტელექტუალური საკუთრებაა.

Aviator-ის მხარე აცხადებს, რომ ე.წ. Aviator-ის თვითმფრინავის გამოსახულება შეიქმნა მისი დაკავშირებული კომპანიის დაკვეთით და ფინანსური მონაწილეობით. მათი პოზიციით, Spribe-ს ეს ვიზუალური მასალა გადაეცა კონკრეტული მიზნისთვის და მოგვიანებით მისი გამოყენება უფლებების დარღვევით გაგრძელდა.

Spribe-ის პოზიციაა, რომ მისი „Aviator“ პროდუქტი დამოუკიდებლად შეიქმნა 2018 წელს და კომპანია ფლობს შესაბამის ინტელექტუალურ საკუთრებას, მათ შორის რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს.

ლონდონში გამართულ სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოში მიმდინარე დავას.

Aviator LLC-მ საქართველოში Spribe-ის წინააღმდეგ დავა სავაჭრო ნიშნებთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით გაიმარჯვა. დავის საგანი იყო Spribe-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული „Aviator“-თან დაკავშირებული სასაქონლო ნიშნები.

2025 წლის 20 მაისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ Spribe-ის საჩივარი დაუშვებლად ცნო, რის შედეგადაც ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები Spribe-ის სასაქონლო ნიშნების გაუქმების შესახებ. Aviator-ის განცხადებით, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული რეგისტრაციები დაკავშირებული იყო საავტორო უფლებების დარღვევასთან და არაკეთილსინდისიერ რეგისტრაციასთან.

Aviator ცდილობდა აღნიშნული გამარჯვების გამოყენებას ლონდონის პროცესშიც - როგორც არგუმენტს, რომ გარკვეული საკითხები უკვე გადაწყვეტილი იყო და ინგლისის სასამართლოს აღარ უნდა განეხილა თავიდან.

რას ითხოვდა Aviator ლონდონის სასამართლოში

Aviator-ის მხარე ლონდონის სასამართლოში მიუთითებდა ე.წ. issue estoppel-ის პრინციპზე.

ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ კონკრეტული საკითხი უკვე საბოლოოდ არის გადაწყვეტილი შესაბამის სასამართლოში, მხარეებს შესაძლოა აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა იგივე საკითხი თავიდან დააყენონ.

Aviator-ის პოზიციით, საქართველოს გადაწყვეტილებებს გავლენა უნდა ჰქონოდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

• არსებობდა თუ არა საავტორო უფლება სადავო გამოსახულებაზე; • ვის ეკუთვნის ეს უფლება; • არღვევს თუ არა Spribe-ის მიერ გამოყენებული მასალა ამ უფლებას.

Spribe ამ მიდგომას არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ საქართველოს გადაწყვეტილებების ეფექტი ინგლისში არ უნდა გავრცელებულიყო.

რა გადაწყვიტა ლონდონის სასამართლომ

სასამართლომ განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დარღვევასთან დაკავშირებულ დავებში გადამწყვეტია იმ ქვეყნის სამართალი, სადაც კონკრეტული დაცვაა მოთხოვნილი.

მაგალითად, თუ მხარე ითხოვს საავტორო უფლებების დაცვას კონკრეტულ ქვეყანაში, შესაბამისი ქვეყნის სამართალი განსაზღვრავს არა მხოლოდ დარღვევის საკითხებს, არამედ გარკვეულ შემთხვევებში იმასაც, აქვს თუ არა წინა გადაწყვეტილებას შემდგომ პროცესზე შემაკავებელი ეფექტი.

სასამართლოს საბოლოო დასკვნა ამ ნაწილში იყო, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაძლო პრეკლუზიური ეფექტი უცხოური სამართლის მოთხოვნებთან მიმართებით უნდა შეფასდეს შესაბამისი ქვეყნის სამართლის მიხედვით.

ანუ სასამართლომ არ თქვა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება არარელევანტურია - არამედ დაადგინა, რომ მისი გავლენა თითოეული ქვეყნის სამართლის მიხედვით უნდა შეფასდეს.

რატომ არ გადაწყდა ჯერ, ვის ეკუთვნის „ავიატორის“ უფლება

Aviator ასევე ითხოვდა, სასამართლოს წინასწარ გადაეწყვიტა, არის თუ არა ის სადავო ნამუშევრების საავტორო უფლებების მფლობელი.

თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის შეფასებით, ეს საკითხი მოითხოვს:

• სხვადასხვა შეთანხმებების განხილვას; • ფაქტობრივი გარემოებების დადგენას; • ქართული სამართლის შეფასებას; • დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების საკითხი არ იყო მხოლოდ სამართლებრივი კითხვა და მისი ცალკე გადაწყვეტა საბოლოო განხილვამდე მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"აშშ-ირანის მოლაპარაკებები სამშაბათს, კატარში განახლდება" - ტრამპი

"აშშ-ირანის მოლაპარაკებები სამშაბათს, კატარში განახლდება" - ტრამპი

BM.GE

APM Terminals-ი 2026 წლის ბოლოსთვის საპორტო ამწეს შეიძენს - ინვესტიცია $7.1 მილიონია

APM Terminals-ი 2026 წლის ბოლოსთვის საპორტო ამწეს შეიძენს - ინვესტიცია $7.1 მილიონია

BM.GE

მთავრობამ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგულირების კანონპროექტი გაიწვია

მთავრობამ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგულირების კანონპროექტი გაიწვია

BM.GE

ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია - როგორია დღის წესრიგი?

ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია - როგორია დღის წესრიგი?

BM.GE