
Lucid-მა უოლ-სტრიტის მოლოდინი ვერ გაამართლა - როგორი შედეგები გამოაქვეყნა კომპანიამ?
2026 წლის მესამე კვარტალში ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid-ის შემოსავალი, წლიურად 4%-ით, $350 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $407 მილიონს ვერ მიაღწია.
თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $978.4 მილიონის წმინდა ზარალი დააფიქსირა, ამჯერად ამ მაჩვენებელმა $830.9 მილიონი შეადგინა.
რაც შეეხება ერთ აქციაზე ზარალს, მან $2.74 შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $2.28-ის ოდენობის ზარალს პროგნოზირებდნენ.
პარალელურად, ავტომწარმოებელმა თავისი უმსხვილესი აქციონერისგან, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდ PIF-ისგან, საკრედიტო ხაზის $1.75 მილიარდით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დაფინანსების შედეგად, Lucid-ის მთლიანი ლიკვიდურობა $3.75 მილიარდამდე გაიზარდა.
კომპანიის განმარტებით, მოზიდული კაპიტალი Lucid-ს დამატებით ფინანსურ მოქნილობას შესძენს და საოპერაციო საქმიანობასთან ერთად, 2027 წლის მეოთხე კვარტალამდე დაგეგმილ მთავარ ინვესტიციებს დააფინანსებს.
ფინანსური შედეგების ინვესტორებისთვის გაცნობისას ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სილვიო ნაპოლიმ წარადგინა ხარჯების შემცირებისა და ოპერაციული გადატვირთვის სტრატეგია, რომელიც მიმდინარე წელს ფულადი ნაკადების $1.4 მილიარდით გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ამ გეგმის ფარგლებში, ავტომწარმოებელმა საშუალო ზომის ახალი მოდელის წარმოების დაწყება მიმდინარე წლის ბოლოდან 2027 წლის მეორე ნახევრისთვის უნდა გადადოს. ამასთან, კომპანია პრიორიტეტს Uber-თან და Nuro-სთან ერთობლივ რობოტაქსის პროგრამასა და საუდის არაბეთში მშენებარე საწარმოს მიანიჭებს.
სიტყვით გამოსვლისას ნაპოლიმ განაცხადა, რომ კომპანიის ტრანსფორმაცია პირველ შედეგებს უკვე იძლევა და Lucid-ი დისციპლინის გამკაცრებასთან ერთად, გრძელვადიანი მოგებიანობის მიღწევაზე მუშაობას აგრძელებს.
კომპანიის განცხადებით, საშუალოვადიან გეგმებსა და განახლებულ სამიზნე მაჩვენებლებს Lucid-ი საზოგადოებას მომავალი წლის დასაწყისში წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Lucid-ის აქციების ფასი ბირჟის დახურვის შემდგომ ვაჭრობაში 5%-ით შემცირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge