
მაის-ივნისში შექმნილი მდგომარეობა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა - ელექტროსადგურებმა დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს
ენერგეტიკის სექტორისთვის მაისსა და ივნისში შექმნილი მდგომარეობა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა.
თურქეთში ელექტროენერგიის დაბალი ფასების ფონზე, საქართველოში, მაისში, სისტემის ოპერატორს გენერაციის შეზღუდვაზე გადაწყვეტილების მიღება მოუხდა. შედეგად, კლიმატურ პირობების და „წყლის დაღვრის“ გამო ჰიდროგენერაცია 10%-ით შემცირდა.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე “საქმის კურსთან” ამბობს, რომ ჰიდრო სადგურებმა, რომელთა გათვლა იყო ამ პერიოდში შემოსავლების 50%-ის მიღება, მხოლოდ 15-20%-ის გენერირება შეძლო.
„ფასის კლება თურქეთში რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული და ერთ-ერთი, ბუნებრივია, არა ერთადერთი, გახლავთ ის, რომ თურქეთმა ააშენა ატომური ელექტროსადგური, უზარმაზარი — და მე შემთხვევით არ ვიყენებ ამ სიტყვას — უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგური. ეს იყო ამ ქვეყნის სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო ხელგაწვდილი, თუნდაც საქართველოსთან თუ სხვა მეზობლებთან მიმართებით , და თვითკმარი გამხდარიყო. რაც არის აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი ამოსავალი წერტილი“, - განმარტავს მაია მელიქიძე.
მისი თქმით, საქართველოში ზამთრის პერიოდში საქართველო კვლავ იმპორტზეა დამოკიდებული, თუმცა წყალუხვობის პერიოდში, როდესაც გენერაციის ზრდის შესაძლებლობაა, სრული დატვირთვით მუშაობა ვერ ხდება.
„როდესაც წყლის დაღვრა ხდება ეს ძალიან დასანანია. სექტორი უკვე საუბრობს სისტემური თვალსაზრისით გამოწვევებზე და სისტემურად არის ეს პრობლემა მოსაგვარებელი. ვინაიდან რაც უფრო მეტი ჰიდრო, მზე თუ ქარი ჩაერთვება ქსელში, მით უფრო გართულდება სწორედაც მაისის და ივნისის პერიოდებში ოპერირება. მაგალითად, კომერციული ბანკები ამ 2 თვის შემოსავლებს აღარ ითვალისწინებენ როდესაც სესხს გასცემენ. მხოლოდ 10 თვეზე ითვლიან შემოსავალს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ხარჯი. წარმოიდგინეთ, არის ერთის მხრივ შესაძლებლობა, რომ ბევრი ელექტროენერგია აწარმოო, თუმცა მეორეს მხრივ ეს შანსი გაფლანგულია“, - ამბობს მაია მელიქიძე.
GREDA-ში ფიქრობენ, რომ გამოსავალია ელექტროენერგიის შემნახველების (ბატარეების) პროექტების განვითარება და ამ კუთხით წამახალისებელი მექანიზმების ამოქმედება და ასევე პრიორიტეტული უნდა იყოს წყალსაცავიანი ჰესების აშენება.
„რეალურად ყველაზე სწორი და ადეკვატური იქნებოდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა: ერთი წელი, სამი და ხუთი წელი. ათწლიან გეგმასაც მივესალმებით და არსებობს ათწლიანი გეგმებიც, თუმცა ათი წლის ფარგლებში იმდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო, რომ 100%-იანი გათვლების და დაშვებების გაკეთება საკმაოდ რთულია. ამას უნდა მოჰყვებოდეს შემდეგ უკვე ტაქტიკური გეგმა და სამოქმედო გეგმა უშუალოდ კონკრეტულ ქმედებაზე — ვინ არის პასუხისმგებელი სახელდობრ და რა ვადაში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ ინვესტორები დაინტერესებულები არიან სექტორით. ეს იგრძნობა არა მარტო აზიიდან, მათ შორის ევროპიდანაც, იმიტომ რომ ძალიან დიდია ამ ქვეყანაში პოტენციალი, რომელიც არ არის ათვისებული. ძალიან კარგია ამ ყველაფრის დანახვა. მაგრამ ინვესტორები ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას: ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ თამაშის ძალიან გამჭვირვალე წესები და გრძელვადიანი ხედვები. იმას, რასაც თქვენ ამბობთ, ახლა არის რეალურად გადასახედი სტრატეგია..პირველი ეტაპი აუცილებლად უნდა იყოს რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურები და ხუდონი უნდა იყოს მათ შორის პრიორიტეტი იმ სამი პროექტიდან (ხუდონს, ნამოხვანს და ნენსკრას ვგულისხმობ) რომლებიც რეალურად, რომლის პოტენციალიც გააჩნია ქვეყანას, რომ აშენდეს. მეტი ვერ აშენდება, წარმოუდგენელია და ამაზე დავაც არ არსებობს. რაც შეეხება დანარჩენს — მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები, ამასთანავე მზის ელექტროსადგურები და ქარის ელექტროსადგურები — ადეკვატურად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პარიტეტულად განსაზღვრული“, - აღნიშნავს GREDA -ს აღმასრულებელი დირექტორი.
BM.GE
წყარო: bm.ge