
Microsoft-მა მზარდი ხარჯების გამო Xbox-ის კონსოლების ფასი გაზარდა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა Xbox-ის სათამაშო კონსოლების ღირებულება გაზარდა. როგორც ირკვევა, 1-ელი აგვისტოდან 512-გიგაბაიტიანი Series S-ის მოდელის ფასი $100-ით მოიმატებს და ის $500 ეღირება. ამასთან, 1-ტერაბაიტიანი ვერსიის ღირებულება $150-ით გაიზრდება, ხოლო საბაზისო Series X-ის მოდელის ფასი $750-ს მიაღწევს. პარალელურად, კორპორაციამ 2024 წელს წარდგენილი 2-ტერაბაიტიანი Series X-ის გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის ამ გადაწყვეტილებების მიღმა ტექნოლოგიურ სექტორში კომპონენტების მიწოდების გლობალური კრიზისი დგას. Microsoft-ის განცხადებით, მეხსიერების ჩიპების ფასი უკვე 2.5-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, მოგების მარჟის შენარჩუნებისთვის პროდუქციაზე ფასების მომატება გარდაუვალია. კორპორაციამ არ გამორიცხა, რომ 2027 წლის შემოდგომისთვის ღირებულება გაორმაგდეს კიდეც.
"მთელი სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრია მიმდინარე კრიზისს ებრძვის, თუმცა ეს პროცესები განსაკუთრებით მძიმედ კონსოლების ბაზარზე აისახა და ჩვენც მოგვიწია რეაგირება” - განაცხადეს Microsoft-ში.
საყურადღებოა, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება Apple-მაც მიიღო. ტექნოლოგიურმა გიგანტმა MacBook-ისა და iPad-ის მოდელების ფასი მკვეთრად გაზარდა. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განმარტა, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი გახდა, რადგან არსებული მოცემულობით კომპანია პროდუქტების გაყიდვიდან მოგებას ვეღარ ნახულობდა.
არსებული ინფორმაციით, სამომხმარებლო ტექნიკის გაძვირება ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა გამოწვეული. მწარმოებლები, მათ შორის Micron-ი და SK Hynix-ი, პრიორიტეტს მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ბარათებს ანიჭებენ, რადგან მათი შექმნით კომპანიები უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს ნახულობენ.
BM.GE
წყარო: bm.ge