
მაისში ჰესებს და მზის სადგურებს ელექტროენერგიის გამომუშავება შეეზღუდათ - GREDA მიზეზებზე
კერძო სექტორის ინფორმაციით, გენერაციის ობიექტებს, მათ შორის ჰესებს და მზის სადგურებს მიმდინარე წლის მაისში ელექტროენერგიის გამომუშავების შეზღუდვა მოუწიათ.
როგორც BMG-ის განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში (GREDA) განუცხადეს, მიზეზი გასულ თვეს ენერგიის ჭარბი გამომუშავება და ამავდროულად, მეზობელ თურქეთში დაბალი ფასები იყო, რის გამოც ჭარბი ელექტროენერგია ექსპორტზე მხოლოდ მცირე ოდენობით გავიდა.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა ჭარბი ენერგიის გამომუშავებისას გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა. თუმცა მაია მელიქიძის თქმით, მიმდინარე წლის მაისში სავარაუდოა, რომ ჰესებს კიდევ უფრო დიდი მოცულობით მოუწევდათ გამომუშავების შეზღუდვა.
მაია მელიქიძის თქმით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში წყალუხვობის პერიოდი 15 ივნისამდე შენარჩუნდება, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ გენერაციის ობიექტებს მუშაობა ამ პერიოდამდე შეზღუდვების რეჟიმში მოუწევთ.
„ზოგადად, პროცესი რომ აღვწეროთ, წლებია გაზაფხული, ვგულისხმობ მაისს და ივნისს – ეს არის წყალმოდიდების პერიოდი, როდესაც მთაში დნება თოვლი, მოედინება, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები აგენერირებენ ელექტროენერგიას და არიან გამომუშავების პიკში. შესაბამისად, იმ კონკრეტულ სიტუაციაში ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება ამდენი ელექტროენერგია და ბუნებრივია, არის აქ საუბარი იმაზე ხოლმე, რომ მოხდეს ე.წ წყლის დაღვრები, ანუ შეზღუდვები. ამ პროცესს მართავს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა', რომელიც უკავშირდება კონკრეტულ ჰიდროელექტროსადგურებს და სთხოვს, რომ გააჩერონ წარმოება. ამით, რა თქმა უნდა, ზიანი ადგება კერძო სექტორს.
ამ დროს ამის ალტერნატივა არის ხოლმე ელექტროენერგიის ექსპორტი უკვე ისეთ ქვეყანაში, როგორიც გახლავთ თურქეთი. თუმცა წელს წავაწყდით ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ეს გამოწვევა გახლავთ ის, რომ ფასი თურქეთში არის საკმაოდ დაბალი, იმაზე დაბალი, ვიდრე საქართველოში. აქედან გამომდინარე, მწარმოებლები დადგნენ გამოწვევის წინაშე, გაიტანონ ექსპორტზე ძალიან დაბალ ფასში თუ შეწყვიტონ წარმოება. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, მათ ფინანსურ ზიანს აყენებს.
რეალურად, მაისის მონაცემებს რომ ვნახავთ, უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ ჩვენ ციფრებით, თუმცა ვფიქრობ, ჰესები [სრული გამომუშავების] 15-20%-ზე მუშაობდნენ. რაც შეეხება მზის სადგურებს, მათაც მოუწიათ რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩერება და წარმოების შეჩერება, იმიტომ რომ უხვად იყო ქვეყანაში [ელექტროენერგია].
რაც შეეხება ივნისს, დაახლოებით 15 ივნისამდე ველოდები მსგავსი ტიპის მართვას, როდესაც იძულებული იქნება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რომ შეზღუდვები უზრუნველყოს როგორც ჰიდროსთვის, ასევე მზის და ქარის ელექტროსადგურებისთვის“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
როგორც GREDA-ში აცხადებენ, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჭარბი ენერგიის მართვისთვის და გენერაციის ობიექტებისთვის ზარალის შემცირებისთვის რამდენიმე გამოსავალია. მათ შორის, მსხვილი რეზერვუარიანი ჰესების მშენებლობა, ასევე დამაგროვებელი ბატარეების განვითარება.
„არასტაბილური, საკმაოდ ვოლატილური პერიოდები აქვს ქვეყანას, ამიტომ აქედან გამომდინარე არის ორი გამოსავალი. პირველი – ეს არის მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა: ხუდონი, ნამოხვანი, ნენსკრა. მეორე – მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ ელექტროენერგიის შემნახველების პოლიტიკის შექმნაზე, სტრატეგიაზე და მათ რაც შეიძლება სწრაფად აშენებაზე. იმიტომ რომ ამ ჭარბად წარმოებული ელექტროენერგიის დასაწყობება მოხდეს, მაშინ, როდესაც გვაქვს ხოლმე დეფიციტი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში – ეს არის ივლისი-აგვისტო და ზამთრის პერიოდში, წინასაახალწლოდ“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge