
მაისში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკი
მაისში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინების ანგარიშში არის აღნიშნული. სებ-ის თანახმად, გაზრდილია ბაზრის მონაწილეთა ის წილი, რომლებიც მომდევნო ერთი წლის პერიოდში ინფლაციას 6-8%-ის შუალედში პროგნოზირებენ, ხოლო შემცირებულია მათი რიცხვი, რომლებიც ინფლაციას 2-4%-ის ფარგლებში მოელიან.
"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის მაისში აპრილთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. კერძოდ, იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ გაზრდილია. ამავდროულად, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის დიაპაზონში მოიაზრებენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში აპრილთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%- 8%-ის ინტერვალში ფიქრობენ გაიზარდა. მეორე მხრივ, წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების შემცირებას 8%-ზე მეტად, 4%-6%-ისა და 0%-2%- ის ინტერვალში ფიქრობენ. ხოლო, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას 2%-4%-ის ინტერვალში ან უცვლელად შენარჩუნებას (0%) ელოდებიან გაიზარდა.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30%-ის ინტერვალში ელოდებიან შემცირდა. ასევე, მოიკლო იმ რესპოდენტთა რაოდენობამ რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას (0%) ელოდებიან. მეორე მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდა 0%-10% ინტერვალში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, მაისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა თვესთან შედარებით შემცირებულია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
BM.GE
წყარო: bm.ge