
მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთშია - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთშია. უწყების გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქვრივიშვილს დაგეგმილი აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თანათავმჯდომარის რანგში, საქართველო - თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომას წარუძღვება.
ეკონომიკის მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის გათვალისწინებით, BMG დაინტერესდა - როგორია საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური კავშირები. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანასთან - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ვაჭრობის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის კუთხით მაჩვენებლები მცირეა.
თურქმენეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართ დაინტერესება მცირეა. პირდაპირი თურქმენული ინვესტიციების შემოდინება საქართველოში 2012 წლიდან იწყება და 13 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სექტორში ჯამურად მხოლოდ 11.2 მლნ დოლარის FDI-ია ჩადებული. აქედან ყველაზე მოცულობით 2019 წელს 3 მლნ დოლარი იყო. 2025 წელს კი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მლნ დოლარის თურქმენული ინვესტიცია ჩაიდო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალზე გამოქვეყნებული 2024 წლის მონაცემებით, თურქმენი ინვესტორები ფულს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების სექტორში დებენ.
ვაჭრობა
2025 წელს თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებამ განაპირობა. გასულ წელს ექსპორტ-იმპორტის ჯამური მოცულობა 26.2%-ით 102.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანასთან ვაჭრობის სალდო 2025 წელს დადებითი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება.
2025 წელს ექსპორტი 177%-ით 63.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ განაპირობა.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი ასეთია:
• მსუბუქი ავტომობილები - $30.4 მლნ; • ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები - $20.5 მლნ; • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $2.6 მლნ; • ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები - $1.8 მლნ; • ბანანები და პლანტანინები - $966 ათასი;
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი, თურქმენეთში ექსპორტი ზრდას განაგრძობს და გასამმაგებულია. ჯამში ამ პერიოდში 7.7 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ. ამ შემთხვევაში მთავარი პროდუქტი შინაური ფრინველის ხორცი და მსუბუქი ავტომობილებია.
რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს თურქმენეთიდან საქონლის იმპორტი 33%-ით შემცირდა და 39 მლნ დოლარი შეადგინა. 2026 წლის I კვარტალში კი იმპორტი 145%-ით 11 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
იმპორტირებული პროდუქტის TOP-5-ეული ასეთია:
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $23.6 მლნ; • ნავთობის კოქსი, ბიტუმი და სხვა ნარჩენები - $5.7 მლნ; • თაბაშირის ნარევები - $1.8 მლნ; • ბიტუმოვანი ნარევები - $930 ათასი; • აზოტოვანი სასუქები - $847 ათასი;
ფულადი გზავნილები
თურქმენეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მცირეა, თუმცა 2025 წელს ნაკადი თითქმის გაორმაგდა და 347 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 135 ათასი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. საქართველოდან თურქმენეთში გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა კი 2025 წელს 133 ათასი დოლარი იყო, 2026 წლის პირველ კვარტალში კი 64 ათასი დოლარი.
ტურიზმი
2025 წელს, თურქმენეთიდან საქართველოში 19 170 ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 9.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. პანდემიური 2020 წლის შემდეგ ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან ვიზიტები აქტიურად აღდგა და 2018 წლის რეკორდულ მაჩვენებელს [13 708 ვიზიტს] გადააჭარბა.
BM.GE
წყარო: bm.ge