
მარკ ზაკერბერგის Biohub ადამიანის უჯრედების AI მოდელების შესაქმნელად $500 მლნ-ს აბანდებს
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი ადამიანის უჯრედების ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ქმნიან პროექტში, რომელიც, მათი თქმით, "ყველა დაავადების განკურნებისა და პრევენციის დაჩქარებაში" დაგვეხმარება.
გასულ კვირას მათმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Biohub-მა ხუთწლიანი ინიციატივა დააანონსა, რომლის მიზანია ადამიანის უჯრედების პროგნოზირებადი მოდელების ასაგებად საჭირო ტექნოლოგიები და მონაცემთა ბაზები შექმნას.
ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ გენერირებული მონაცემები ღია და უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა მკვლევრისთვის.
Biohub-ის თქმით, ადამიანის უჯრედების AI სიმულაციები მკვლევრებს საშუალებას მისცემს, ციფრულად შეისწავლონ დაავადებები ისეთი მასშტაბითა და სისწრაფით, რაც დღეს ლაბორატორიულ პირობებში შეუძლებელია. საკმარისად ზუსტი მოდელები მეცნიერებს დაეხმარებათ გაიგონ როგორ იქცევიან უჯრედები ჯანსაღ მდგომარეობასა და დაავადების დროს, გამოავლინონ დაავადების გამომწვევი მიზეზები და მიაგნონ მკურნალობის ახალ გზებს.
რა არის Biohub?
Biohub-ის გრძელვადიანი მიზანი ყველა ადამიანური დაავადების განკურნებაა, AI-ისა და ბიოლოგიის გადაკვეთით, - განაცხადა ზაკერბერგმა გასულ წელს.
წყვილმა ორგანიზაცია 2016 წელს დააარსა, რათა მეცნიერები და ინჟინრები ისეთი ტექნოლოგიების შესაქმნელად შეეკრიბა, რომლებიც "უჯრედულ დონეზე დააკვირდება, გაზომავს და დააპროგრამებს ბიოლოგიას".
Biohub-ის განცხადებით, მას შემდეგ მათ ერთუჯრედიანი მონაცემების გლობალურად ყველაზე დიდი ბაზა შეაგროვეს და ბიოლოგიური კვლევებისთვის სპეციალიზებული, მასშტაბური გამოთვლითი ინფრასტრუქტურა ააშენეს.
ორგანიზაცია 400 მილიონ დოლარს საკუთარ საქმიანობაზე დახარჯავს, ხოლო დამატებით 100 მილიონ დოლარს გარე მკვლევრებისთვის გახდის ხელმისაწვდომს. მის პარტნიორებს შორის არიან ჩიპების მწარმოებელი Nvidia და წამყვანი კვლევითი ინსტიტუტები.
Biohub აცხადებს, რომ ამ ძალისხმევაში მთავარი მასშტაბი იქნება, რადგან AI პროგნოზები მით უფრო სასარგებლო ხდება, რაც უფრო იზრდება ბიოლოგიური მონაცემების მოცულობა და ხარისხი.
"ისეთი ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს ბიოლოგიის სრულ სირთულეს და დააჩქარებს სამეცნიერო კვლევებს, ჩვენ იმაზე გაცილებით დიდი მოცულობის მონაცემები გვჭირდება, ვიდრე დღეს არსებობს," - განაცხადა Biohub-ის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექს რივზმა.
თუმცა, მკვლევრებმა ჯერ არ იციან, რა მოცულობის მონაცემები იქნება საჭირო იმისათვის, რომ უჯრედული მოდელები საკმარისად ზუსტი გახდეს სანდო პროგნოზების გასაკეთებლად.
Biohub-მა ასევე აღნიშნა, რომ საჭირო მასშტაბის მისაღწევად გლობალურად გაცილებით დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. რივზმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა დამფინანსებლებიც დაამატებენ სახსრებს იმ ფონდს, რომელსაც Biohub გარე მკვლევრებისთვის ხდის ხელმისაწვდომს.
AI-ზე დაფუძნებული ბიოლოგია განვითარებადი ინდუსტრიაა. კვლევითი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური კომპანიები და მედიკამენტების შემქმნელები ეძებენ გზებს, თუ როგორ გამოიყენონ მანქანური სწავლება დაავადების უკეთ გასაგებად და ახალი მკურნალობის მეთოდების უფრო სწრაფად შესაქმნელად.
BM.GE
წყარო: bm.ge