
მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სანაპირო ზონებში ავარიული ვითარების აღმოფხვრის მიზნით ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვაზე ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. თითოეული ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულება 50 მილიონი ლარია, ჯამურად კი შესყიდვების ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს.
შესყიდვები ითვალისწინებს სანაპირო ზონებში წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ და გადაუდებელ ავარიულ ვითარებებზე რეაგირებას. გამარჯვებულ კომპანიებს, საჭიროების შემთხვევაში, ერთდროულად დაეკისრებათ როგორც კონკრეტული ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იქნება შემსყიდველის დავალების საფუძველზე ერთდროულად მინიმუმ ხუთ ობიექტზე იმუშაოს. წერილობითი დავალების მიღებიდან სამშენებლო სამუშაოები არაუგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში უნდა დაიწყოს.
ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 24 კალენდარული თვეა, სამუშაოები კი ეტაპობრივად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილობითი დავალებების შესაბამისად შესრულდება. ამასთან, დეპარტამენტი არ იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სრულად აითვისოს თითოეული 50-მილიონიანი ხელშეკრულების ღირებულება.
პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია სანაპირო ზონების მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავება. სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს დამცავი ყრილების, ქვის ნაყარის, ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების, გაბიონების, საყრდენი კედლების, შპუნტების, ტალღამრეკლი კედლებისა და ტალღმტეხი ნაგებობების მოწყობას, ასევე ხელოვნური პლაჟების შექმნასა და სანაპირო ზონების გაწმენდას.
საპროექტო სამუშაოები უნდა დაეფუძნოს ადგილობრივ კლიმატურ, გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პირობებსა და მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგებს. კვლევების ფარგლებში გათვალისწინებულია სანაპიროსა და წყალქვეშა ფერდის ტოპოგეოდეზიური და ბათიმეტრიული აგეგმვა, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, წყლის დონისა და ტალღური რეჟიმების შესწავლა და არსებული ნაპირსამაგრი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება.
ტექნიკური დავალება ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვითი საკითხების შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს გარემოსდაცვითი მართვისა და ნარჩენების მართვის გეგმები, სკრინინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და გაითვალისწინოს დაცული ტერიტორიები, ზურმუხტის ქსელის საიტები და საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობები.
სამუშაოების ხარისხის კონტროლის მიზნით მიმწოდებელი ვალდებული იქნება აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაატაროს გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისი გამოცდები. სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ძირითადი ტექნიკის ჩამონათვალში შედის 7 ექსკავატორი, 6 სატკეპნი, 5 დამტვირთველი, 25 ავტოთვითმცლელი, 2 ბულდოზერი და 3 ავტოამწე.
ტენდერის პირობებით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პერიოდში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება არანაკლებ კონკრეტული ტენდერის 50-მილიონიანი სახელშეკრულებო ღირებულების 80%-ს, ანუ 40 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მინიმუმ ერთი დასრულებული ხელშეკრულების ღირებულება არანაკლებ 10 მილიონი ლარი უნდა იყოს.
ორივე ტენდერი 7 სექტემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 4 ოქტომბერს დაიწყება და 9 ოქტომბერს დასრულდება.
BM.GE
წყარო: bm.ge