
მეფრინველეობის ფერმებისთვის ₾280 მილიონზე მეტი საბანკო სესხია გაცემული - სამინისტრო
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, მეფრინველეობის ფერმების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 280 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2,500-ზე მეტი სესხი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 67 მლნ ლარია. მათ შორის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 5,3 მლნ ლარის ღირებულების 61 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,5 მლნ ლარს აღემატება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მეფრინველეობის მეხორცული ფერმა „მწვანე ქვეყანა” დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მეფრინველეობის ფერმის წარმადობა 400 000 ფრთა ქათამია, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. ფერმაში 40 ადამიანია დასაქმებული.
„მეფრინველეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის. წეროვანის მეფრინველეობის ფერმაში, თანამედროვე წარმოებისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში აისახება და ფერმერებს წარმოების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ფერმა „მწვანე ქვეყანა” სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2014, 2016-2021 წლებში მეფრინველეობის ფერმის მშენებლობისა და აღჭურვის, ასევე სასაკლაოს მოწყობის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
ფერმაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი იმყოფებოდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge