
მერია ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოებას გეგმავს - პროექტისთვის ტენდერის გარეშე ₾1.3 მლნ დაიხარჯება
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოებას გეგმავს. ამ მიზნით შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავსაყრელის არსებული მე-3 უჯრედის ჩრდილოეთ ნაწილის გაფართოების დეტალური პროექტისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას 1 271 280 ლარად გეგმავს.
შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ხორციელდება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2026 წლის 26 ნოემბრიდან 2027 წლის 25 მარტამდე პერიოდია განსაზღვრული. პროექტი Design Build-ის მეთოდით უნდა განხორციელდეს, რაც გულისხმობს, რომ ერთი მიმწოდებელი თავდაპირველად მოამზადებს დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას, შემდეგ კი მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს.
„თბილსერვის ჯგუფის“ განმარტებით, კომპანია ამჟამად ნაგავსაყრელის მე-4 უჯრედში ოპერირებს, რომლის რესურსიც ნარჩენების განთავსების მიზნით ფაქტობრივად, სრულად ათვისებულია. კომპანიის შეფასებით, თუ დროულად არ მოეწყობა ალტერნატიული სივრცე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებლად საჭირო რესურსი აღარ ექნება.
დოკუმენტაციის თანახმად, თავდაპირველად კომპანია მე-3 და მე-4 უჯრედებს შორის არსებული ტერიტორიის ათვისებასა და ერთმანეთთან დაკავშირებას გეგმავდა. ამ მიზნით 2026 წლის 5 ივნისსა და 12 აგვისტოს ორი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. პირველი უარყოფითი შედეგით დასრულდა, მეორე კი არ შედგა. „თბილსერვის ჯგუფი“ განმარტავს, რომ ტენდერების შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, ხოლო ახალი ელექტრონული ტენდერის ჩატარებისთვის საჭირო დრო, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აღარ აქვს.
კომპანიის შეფასებით, არსებული მე-3 უჯრედის ჩრდილოეთ ნაწილის გაფართოება უფრო სწრაფად და ნაკლები რესურსით განხორციელდება, ვიდრე მე-3 და მე-4 უჯრედებს შორის არსებული ტერიტორიის ათვისება და სწორედ ამიტომ შეირჩა ალტერნატიულ გადაწყვეტილებად ნაგავსაყრელის ამ ნაწილის გაფართოება.
რას ითვალისწინებს პროექტი
შესყიდვის ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის - განმარტებითი ბარათი, გენერალური გეგმა, ტექნოლოგიური ნაწილი, ნახაზები, ხარჯთაღრიცხვა და მშენებლობის ორგანიზების გეგმა კალენდარული გრაფიკით.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ, 60 კალენდარული დღეა განსაზღვრული. ამ ვადაში გათვალისწინებულია პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და ხარჯთაღრიცხვის საექსპერტო შემოწმებაც. დადებითი საექსპერტო დასკვნა უნდა გასცეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სხვა პირმა.
ტექნიკური დავალების მიხედვით, საპროექტო არეალი მე-3 ძირითად უჯრედსა და ორი მხრიდან გაფართოებულ ტერიტორიებს შორის მდებარეობს. სამუშაოები მოითხოვს გეოსინთეტიკური მასალებით შედუღების სამი კვანძის მოწყობას, რაც ტექნიკურად რთულ გადაწყვეტას საჭიროებს. ამასთან, პროექტმა უნდა უზრუნველყოს გაფართოების არეალის მაქსიმალური ათვისება და ნაგავსაყრელის ტევადობის გაზრდა.
მეორე ეტაპი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს, რომელთა შესრულებაც საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან მაქსიმუმ, 60 კალენდარულ დღეში უნდა მოხდეს.
შესყიდვის პირობებით, პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა ჰქონდეს მინიმუმ, 1.27 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მათ შორის - მე-5 კლასის ობიექტზე, კერძოდ, ნაგავსაყრელზე ანალოგიური სამუშაოების განხორციელების. ამასთან, საპროექტო მომსახურების გამოცდილება მინიმუმ, 72 000 ლარის ღირებულების უნდა იყოს და მოიცავდეს ნაგავსაყრელის დაპროექტებას.
მოქმედი ნაგავსაყრელის გაფართოება ახალი პოლიგონის მშენებლობის ნაცვლად
2026 წლის 2 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. მისი ინფორმაციით, გერმანული კომპანია ICP-ს მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეფასდა 12 შესაძლო ლოკაცია, საიდანაც სამი ალტერნატივა გამოიკვეთა: მუხიანი, შინდისი და არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება.
კალაძის განცხადებით, კვლევის შედეგებით, ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტად მოქმედი ნაგავსაყრელის გაფართოება დასახელდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში განვითარების პოტენციალი აქვს.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება და ამასთანავე, მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური რესურსები იქნება საჭირო. მისივე განმარტებით, ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას საჭიროებს.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროექტი ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა. კალაძის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 6.5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის სექტემბერში იგეგმება. მერის განცხადებით, ამჟამად დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ კი მათი სათანადო გაწმენდა იქნება შესაძლებელი.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის პრეტენზიები მერიისთვის მნიშვნელოვანია და მიზანი არსებული პრობლემების ადგილზე გრძელვადიანი გადაწყვეტილებებით მოგვარებაა.
BM.GE
წყარო: bm.ge