
მერია საახალწლო ღონისძიებებზე ₾6 მილიონის დახარჯვას გეგმავს
თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 5.97 მილიონი ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით გეგმავს. შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, შესყიდვა ელექტრონული ტენდერის გარეშე განხორციელდება.
მერიის განმარტებით, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ფართომასშტაბიან და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს, რომელთა დაგეგმვაც ინდივიდუალურ შემოქმედებით საქმიანობას, კვალიფიციურ შემსრულებლებთან მოლაპარაკებებსა და ლოკაციების სპეციფიკის გათვალისწინებას უკავშირდება. უწყების შეფასებით, ამ პროცესში ღონისძიებების შინაარსი, დიზაინი და ტექნიკური პარამეტრები ეტაპობრივად ზუსტდება, რის გამოც შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა და ელექტრონული ტენდერით განხორციელება შეუძლებელი იყო.
დედაქალაქში საახალწლო სივრცეებში თემატური დეკორაციები, ინსტალაციები, ფოტოზონები, ჯიხურები და ნაძვის ხეები განთავსდება. ასევე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, გასტრონომიული და მოსასვენებელი სივრცეები. პროგრამა კონცერტებს, თეატრალიზებულ წარმოდგენებს, პერფორმანსებს, სპორტულ და საბავშვო გასართობ აქტივობებს მოიცავს.
ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მონტაჟისა და დემონტაჟისთვის გათვალისწინებული პერიოდია 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 25 იანვრის ჩათვლით.
5.97 მილიონი ლარიდან 5.89 მილიონი ლარი თბილისის 2026 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო 80 ათასი ლარი 2027 წლის ბიუჯეტიდან. დაფინანსების წყაროა პროგრამა „ღონისძიებების უზრუნველყოფა“.
შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია ავეჯის, დეკორაციების, ნაძვის ხის, კონსტრუქციების, საგამოფენო აღჭურვილობისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენა, ასევე ფესტივალების, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, ვიდეო და ფოტომომსახურებები და სხვადასხვა შემოქმედებითი მომსახურება.
BM.GE
წყარო: bm.ge