
"მესამე წელია, ზამთარში დაკეტვა გვიწევს" - რა გამოწვევების წინაშეა ტურისტული ობიექტი "ჰაერი"?
რაჭაში, სოფელ უწერაში მდებარე ტურისტული ობიექტი "ჰაერი" მიმდინარე ზაფხულის სეზონზე 50%-იანი დატვირთულობით მუშაობს, თუმცა სეზონის გააქტიურებასთან ერთად, ჯავშნების მზარდ დინამიკასაც აფიქსირებს - ობიექტის დამფუძნებელი გენო თაყაძე მიმდინარე ზაფხულის სეზონის ტენდენციებზე, რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებაზე BM.GE-სთან საუბრობს.
მისი განმარტებით, მიმდინარე წლის ჯავშნების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ამინდის არასწორი პროგნოზი იქცა.
"ამჟამად დატვირთვა დაახლოებით 50%-ია, თუმცა მაჩვენებელი მზარდია, რადგან აქტიური სეზონი ახლა დაიწყო. წინასწარი ჯავშნები გვაქვს. პირველი პრობლემა, რომლის წინაშეც დავდექით და რის გამოც უფრო მეტი სტუმრის მოლოდინი გვქონდა, ამინდის პროგნოზია.
გაზაფხულიდან მოყოლებული, სინოპტიკური პროგნოზი შეცდომით სულ წვიმებს აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ნალექიანი პერიოდები მართლაც იყო, ხშირად ხდება ისე, რომ პროგნოზი მთელი კვირა წვიმას აჩვენებს, რეალურად კი შესაძლოა მხოლოდ ერთი დღე იწვიმოს, ან უბრალოდ მოღრუბლულობა იყოს. ეს გარკვეულ პრობლემას უქმნის მომავალ ტურისტს, რომელიც მოგზაურობას წინასწარ, პროგნოზზე დაყრდნობით გეგმავს", - აცხადებს გენო თაყაძე.
რაც შეეხება დამსვენებელთა სეგმენტს, კოტეჯში ძირითად წილს ადგილობრივი ტურისტები იკავებენ, უცხოელ სტუმრებს შორის კი, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები შეინიშნება.
"დამსვენებელთა 80% ქართველია, ხოლო 20% – უცხოელი. მათ შორის გამოვყოფდი ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ახლო აღმოსავლეთსა და ზოგადად, ამ გეოგრაფიულ არეალში კონფლიქტებია, შედარებით იგრძნობა არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან ტურისტების ნაკლებობა", - განმარტავს ობიექტის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, გამოწვევას წარმოადგენს ზემო რაჭაში გასართობი და დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაც: "მთის მდინარეები, რომლებსაც ტურისტები გასაგრილებლად და გასართობად იყენებენ, ჯერ კიდევ არ არის სათანადო კონდიციაში. ასევე, ზემო რაჭაში, კერძოდ ქალაქ ონში, პარკებისა და გასართობი ატრაქციონების დეფიციტია. თუ თავად ტურისტი ინდივიდუალურად არ დაგეგმავს ჯიპ-ტურს, ლაშქრობას ტყეში, მთაში ან კემპინგს, სხვა გასართობის პოვნა რთულია".
სეზონურობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ რჩება კოტეჯის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში წყლის მიწოდება სტაბილურია, ზამთარში საინჟინრო გაუმართაობის გამო ობიექტი მუშაობას აჩერებს.
"წყლის მიწოდება ამ ეტაპზე მოწესრიგებულია, თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეს პრობლემა მწვავდება და გვიწევს ფუნქციონირების შეჩერება. ზამთარში წყლის სისტემები არასწორად არის დაგეგმარებული, რის გამოც უკვე მესამე წელია, ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, ზამთრის სეზონზე ვიკეტებით.
წყლის რეზერვუარებით ლოკალური უზრუნველყოფა პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს. შესაბამისი უწყებები ყოველწლიურად მუშაობენ, თანხებიც გამოიყოფა, თუმცა უშუალოდ უწერაში მთლიანი სისტემის, კერძოდ კი სათავე ნაგებობის თავიდან საინჟინრო დაგეგმარებაა საჭირო, რათა მან ზამთარში გამართულად მუშაობა შეძლოს", - აღნიშნავს გენო თაყაძე.
დასაქმების კუთხით, კომპანია ადგილობრივი რესურსის გამოყენებას ამჯობინებს. კოტეჯში ამჟამად ოთხი ადამიანია დასაქმებული. მისი თქმით, მცირე ობიექტებისთვის კადრების სხვა რეგიონებიდან ტრანსპორტირება არარენტაბელურია, ამიტომ ადგილობრივი პერსონალის მოძიება სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
ბაზარზე არსებულ კონკურენციასა და ფასების პოლიტიკაზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, ტარიფები არ შეუცვლიათ, რაც მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობისა და მოთხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა.
"ტარიფების დაკორექტირება გვსურდა, თუმცა გადაწყვეტილება შევცვალეთ, რადგან რეგიონსა და ზოგადად ქვეყანაში კოტეჯების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რამაც კონკურენცია გაამძაფრა. ამასთან, შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნებიც – თუ ადრე მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფა სურდათ, ახლა უკვე გასართობ და გასაგრილებელ სივრცეებს ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საოპერაციო ხარჯები გაიზარდა, ტარიფები არ შეგვიცვლია და პირვანდელი, მისაღები ფასები შევინარჩუნეთ", - ამბობს გენო თაყაძე და ამატებს, რომ ამ ეტაპზე მათი მომსახურება მხოლოდ განთავსებას გულისხმობს.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, "ჰაერი უწერას" დამფუძნებელს სამომავლო განვითარების გეგმები აქვს, რაც ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და სერვისების გამრავალფეროვნებას უკავშირდება.
"ჩვენს სამომავლო გეგმებში ახალი კოტეჯების დამატება და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა შედის. ეს მოიცავს როგორც აუზს, ისე კვების ობიექტსა და მცირე აქტივობებისთვის განკუთვნილ სივრცეებს", - აცხადებს გენო თაყაძე.
"ჰაერი" 2021 წელს, დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით შეიქმნა, რაც 200 000 ლარს შეადგენდა. ობიექტი 3 კოტეჯს აერთიანებს, სადაც ჯამურად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge