
"მესაზღვრე ვერ გაარკვევს, რა წერია პოლისში" - რატომ ვერ მუშაობს შემომსვლელთა სავალდებულო დაზღვევა სრულყოფილად?
საქართველოში შემომსვლელი უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება პოზიტიური ინიციატივა იყო, თუმცა საკანონმდებლო ჩანაწერის ხარვეზებისა და აღსრულების მექანიზმების გამო, რეგულაცია თავდაპირველ მიზანს სრულად ვერ პასუხობს - ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა, ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
როგორც ლაშა ნიკოლაძე განმარტავს, რეგულაციის მთავარი მიზანი საზღვარზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ხარჯების დაფარვაა, თუმცა დღეს ამ პროცესის ეფექტიანი კონტროლი ვერ ხერხდება:
"ვერ ხდება ამისი გაკონტროლება ვერანაირად, ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი იმიტომ, რომ რომელი კომპანიის დაზღვევა უჭირავს და შიგნით რა წერია, ამას მესაზღვრე ვერ გაარკვევს. მოთხოვნაშიც არ არის მკაცრად გაწერილი, რას უნდა ფარავდეს. არის მხოლოდ ლიმიტი მითითებული, არანაირი საგამონაკლისო ან ანაზღაურებების მკვეთრი გამიჯვნა და ჩამონათვალი არ არის. და კიდევ ერთი რამ - შეიძლება ძალიან კარგი პოლისი ჰქონდეს, მაგრამ კლინიკამ ვერ მოახერხოს ადმინისტრაციის ნაწილში თანხების მიღება უცხოური სადაზღვევო კომპანიისგან, იმიტომ რომ მათ ამისი გამოცდილება არ აქვთ და განსხვავებით სადაზღვევო კომპანიებიდან, ისინი თავის სფეროში მოღვაწეობენ და ცალკე მიმართულებას ამის გამო ალბათ ვერ შეიძენენ. ჩვენ ვლაპარაკობთ გადაუდებელ შემთხვევებზე, როცა კლინიკა იძულებულია და ვალდებულიცაა, რომ პაციენტს პირველადი თუ შემდგომი დახმარება გაუწიოს", - აცხადებს ნიკოლაძე.
მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებზე აისახება, რომლებსაც უცხოურ კომპანიებთან იურიდიული დავისა თუ ანაზღაურების ადმინისტრირების რესურსი არ გააჩნიათ.
"ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას ეს საკითხი პირდაპირ არ აწუხებს, ეს ილექება კლინიკების ნაწილში. მაგალითად, რეგიონალური კლინიკა რომ წარმოვიდგინოთ, რომელიც სადღაც მთაშია - იმისი მიმართვა რომელიმე უცხოური სადაზღვევო კომპანიისადმი და საქმის ადეკვატური იურიდიული წარმოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია ან დამატებით დანახარჯებთან შეიძლება იყოს შეჭიდული. საბოლოო ჯამში, შეიძლება სულ 1000 დოლარის ანაზღაურებაზე იყოს ლაპარაკი და არც ღირდეს ამ კლინიკისთვის, რომ ცალკე სტაფი აიყვანოს ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. ამიტომ, ამ საკითხს მობრუნება და ჩართულობა სჭირდება", - ამბობს დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი.
მისი თქმით, ინდუსტრიამ არსებულ პრობლემებთან და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უკვე მიმართა.
ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, ინდუსტრიას სახელმწიფოსთვის კონკრეტული შეთავაზებები აქვს, რაც პრობლემის გადაჭრას პროდუქტის გაძვირების გარეშე უზრუნველყოფს.
"ჩვენ შევთავაზეთ ასეთი რამ: მინიმუმ პოლისში ადმინისტრატორი - არა რისკის მატარებელი, არამედ მომსახურე - იყოს ესა თუ ის ქართული კომპანია, რათა ქართული სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით მოხდეს თანხების დალაგება უცხოურ სადაზღვევო კომპანიასა და კლინიკას შორის. ამაში ჩვენს ინდუსტრიას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ეს არ გააძვირებს პროდუქტს, პირიქით - შეიძლება უფრო გააიაფოს კიდევაც.
მეორე, უფრო ღრმა ჩარევა, თუ ეს შესაძლებელი იქნება, არის ის, რომ გარდა იმისა, რომ მკაფიოდ გაიწეროს, რას უნდა ფარავდეს პოლისი, რაღაცნაირად პრიორიტეტი მიენიჭოს ქართულ კომპანიებს, ან იმგვარად მოხდეს მარკეტინგული მიწოდება, რომ მომხმარებელმა ქართული კომპანიის პოლისის შეძენა გადაწყვიტოს. ეს უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ და შეუფერხებელ სარგებელს. ქართულმა სადაზღვევო ინდუსტრიამ ძალიან სწრაფად და სწორად შექმნა ონლაინპორტალები, რომლებიც არა მხოლოდ ყიდვის, არამედ შემდგომი საპოლისო მომსახურების საკითხსაც ძალიან აადვილებს", - აღნიშნა მან.
ნიკოლაძემ ხაზი გაუსვა, რომ დასავლური ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები ქვეყანაში ისედაც მაღალი ხარისხის საერთაშორისო პოლისებით შემოდიან, თუმცა ნაკადის ძირითად ნაწილს (დაახლოებით 80%-ს) მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ, სადაც რეგულაციის დახვეწა გადამწყვეტია:
"ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი საზღვარზე შემოსვლისას. თუმცა ჩანაწერში მინიმუმ უნდა გაიწეროს, რას უნდა ფარავდეს პოლისი და მოხდეს პროცესის იმგვარად გამარტივება, რომ ბოლოში არ გვყავდეს მიტოვებული კლინიკა, რომელიც თანხებს ვერ იღებს", - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.
საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაზღვევა სავალდებულო 2026 წლის 1 იანვრიდან გახდა. რეგულაციის მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას ტურისტს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა უნდა ჰქონდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge