მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ქვეყანაში ბელადომანია უნდა დასრულდეს" - ინტერვიუ ბიზნესმენთან ივანიშვილზე, კორუფციასა და მართლმსაჯულებაზე
"ქვეყანაში ბელადომანია უნდა დასრულდეს" - ინტერვიუ ბიზნესმენთან ივანიშვილზე, კორუფციასა და მართლმსაჯულებაზე

"ქვეყანაში ბელადომანია უნდა დასრულდეს" - ინტერვიუ ბიზნესმენთან ივანიშვილზე, კორუფციასა და მართლმსაჯულებაზე

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 13:39|bm.ge

ჰოლდინგური კომპანია “ვაკე 5-ის“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებლის, დავით ბეგიაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმდინარე დაკავებები კორუფციასთან რეალურ ბრძოლას არ წარმოადგენს და ის, ფაქტობრივად, კლანებს შორის ანგარიშსწორებაა.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში მაღალჩინოსანთა დანაშაულებზე გუნდური პასუხისმგებლობა არავის აუღია, ხოლო მასშტაბური კორუფციის შემჩნევას ამდენი დრო არ სჭირდებოდა.

დავით ბეგიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი და კადრებით „ჭადრაკული გადანაცვლებები“ გაუგებარია, თუმცა აშკარაა, რომ არჩეულმა გზამ ქვეყანა მძიმე შედეგებამდე და შესაძლო სანქცირებამდე მიიყვანა. მისივე განმარტებით, არსებულ პოლიტიკურ ჩიხში გამოსავალი ქვეყანაში „ბელადომანიის“ დასრულება და დამოუკიდებელი, სამართლიანი მართლმსაჯულების აღდგენაა.

ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

- “ვისი პასუხისმგებლობაა და ვინ უნდა აგოს პასუხი სანქციებზე, სქემებსა თუ კორუმპირებული გუნდის მოყვანაზე” - რისი თქმა გსურდათ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ პოსტით? არ გჯერათ, რომ ხელისუფლება კორუფციას ებრძვის?

- მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ 14 წელია ხელისუფლებაშია. ამ ხნის განმავლობაში სახეები იცვლებოდნენ, თუმცა წინა თანამდებობის პირების ქმედებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ბოლო შემთხვევებიც უპასუხისმგებლობის მაგალითია და კითხვები პასუხგაუცემელი რჩება - დაჭერილია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ექსმინისტრი, სუს-ის ყოფილი მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე... ალბათ ახლო მომავალი გვიჩვენებს, ვინ იქნება შემდეგი, თუმცა მთავარი ისაა, რომ არ არსებობს გუნდური პასუხისმგებლობა იმაზე, საიდან ან რატომ მოვიდა ეს ხალხი, ან თუ ეს ყველაფერი ხდებოდა, რატომ არ იყო რეაგირება. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე მინდა გავახსენო ერთი მომენტი: ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო ამ პოსტზე. პირველად როცა წავიდა, გუნდმა დაადანაშაულა, რომ მის პერიოდში ნეპოტიზმი და კორუფციული ელემენტები იყო, თუმცა მოგვიანებით ისევ დააბრუნეს ანუ ეს მომენტები ამ გუნდისთვის მიუღებელი არ ყოფილა. ახლა კი გაასამართლეს იმის გამო, თითქოსდა შემოსავლები ჰქონდა დაფარული, თუმცა თავად ეს შემოსავლებიც რომ კორუფციული იყო, დასამალი არავისთვისაა. ელემენტარულად, ბრალს აკლია შემადგენლობა - ედავებიან დაუსაბუთებელი, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

- ბოლო ბრალდებით, მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებასაც ედავებიან…

- დიახ, ბრალი დაუმძიმეს, მაგრამ წინაპირობა სწორედ ასეთი იყო. საბოლოო ჯამში, მე მგონია, რომ ეს იყო კლანებს შორის ურთიერთობის [გარჩევა] - ერთმა კლანმა ჩაანაცვლა მეორე და მიმდინარეობს ანგარიშსწორება. იქ კორუფციასთან ბრძოლა არ არის, რადგან ქვეყანაში კორუფციის უამრავი ფაქტი ზედაპირზე დევს.

- იქნებ ამიტომაც გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ თავად ეჩვენებინა, როგორ ებრძვის კორუფციას?

- კორუფცია იმდენად მასშტაბურია და იმდენად მასშტაბური თანხები მოიპარეს, ამის შემჩნევას 14 წელი არ სჭირდებოდა, ეს ჩანასახშივე ჩანდა. როგორც ჟურნალისტები, ისე ხალხიც ღიად და აშკარად ლაპარაკობდა ამაზე… დღესაც აგრძელებენ საუბარს, რომ სხვა სფეროებში, მათ შორის ქალაქში, ისევ მასშტაბური კორუფციაა. თუ ხელისუფლება მასშტაბურად ებრძვის ამ პრობლემას, ეს წერტილოვანი ბრძოლა რატომ არის?! თანაც, ცოტა გაუკუღმართებული მეჩვენება, როდესაც ადამიანს კორუფციას ედავები და შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ასამართლებ.

- რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესით?

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაურკვეველია, იგებს თუ არა რამეს ამ პროცესებით. საერთოდ, მისი მართვის სტილიც გაუგებარია ჩემთვის. ამ თანამდებობებზე ისეთი გაუგებარი და ნაკლებად კვალიფიციური კადრები იყვნენ, რომ ასეთი მმართველი სტილი, ეს ჭადრაკული გადანაცვლებები და ერთმანეთის დაჯახება მართლაც უცნაურია. სიმართლე გითხრათ, ამას ვერ ავხსნი.

- პირადად ბიძინა ივანიშვილს ხომ არ იცნობთ და ბოლო წლებში ხომ არ გქონიათ მასთან კომუნიკაცია?

- არა, მას ახალგაზრდობაში ვიცნობდი, მას შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია.

- ბიძინა ივანიშვილი დღეს „ქართული ოცნების“ მხოლოდ საპატიო თავმჯდომარეა, მაგრამ ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები თუ გადაწყვეტილებები მის გარეშე მიიღება. რა იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი მისი მისამართით?

- ვეტყოდი, რომ ცვლილებები ნამდვილად საჭიროა და რაღაცები უნდა გამოასწოროს - თუ შეუძლია, რა თქმა უნდა, ამ მოცემულობაში. ჯერ ერთი, თავად დასანქცირდა და შორს არ არის ის დრო, როდესაც შეიძლება ქვეყანაც დასანქცირდეს. მის მიერ არჩეულ გზას საკმაოდ მძიმე პროცესებამდე მივყავართ. არ ვიცი, რამდენად გამოსწორდება ვითარება, მაგრამ აშკარაა, რომ ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო.

- თქვენი აზრით, რა აკლია ცვლილებების პროცესს - ხალხი გახდა ინერტული თუ ოპოზიცია ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე?

- არ მგონია, რომ ხალხი ინერტული გახდა. უბრალოდ, ის ოპოზიციაც, რომელიც დღეს ოპერირებს, წინა ხელისუფლებაა და მათაც საკმაოდ მძიმე კვალი აქვთ დატოვებული ამ ქვეყანაში. 14-წლიან მმართველობაზეც უკვე ვისაუბრეთ. პრობლემა ისაა, რომ მესამე ძალა - ახალი ძალა - არ გამოჩნდა.

- რას დავუსვათ წერტილი ამ ქვეყანაში? როგორც ერთი ბიზნესმენი, რას ისურვებდით - რა არის ამ ქვეყნის ყველაზე სუსტი წერტილი?

- შვეიცარიაში დიდხანს ვცხოვრობდი და იმ გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რა სჭირდება ქვეყანას. პირველ რიგში, ეს „ბელადიზმი“ და კერპების თაყვანისცემაა აღსაკვეთი. ასევე, უპირველეს ყოვლისა, აღსადგენია მართლმსაჯულება; როდესაც ქვეყანაში გამართული და სამართლიანი სასამართლოა, იქ ბელადი აღარავის სჭირდება - შეცდომებს მართლმსაჯულება დაალაგებს - ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში მყარად უნდა იდგეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კოპიტნარში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ | სეს

კოპიტნარში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ | სეს

BM.GE

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ| რა განიხილეს?

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ| რა განიხილეს?

BM.GE

AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს: "ON THE EDGE - შემოქმედებითი წინააღმდეგობის საერთაშორისო ფესტივალი"

AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს: "ON THE EDGE - შემოქმედებითი წინააღმდეგობის საერთაშორისო ფესტივალი"

BM.GE

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 26-სართულიან სტუდენტურ საცხოვრებელს 2 წელიწადში ააშენებს

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 26-სართულიან სტუდენტურ საცხოვრებელს 2 წელიწადში ააშენებს

BM.GE