
Meta-მ აგენტური ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი წარადგინა
მარკ ზაკერბერგის ტექნოლოგიურმა კომპანია Meta-მ მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტის ახალი ვერსია, Muse Spark 1.1 წარადგინა.
როგორც ირკვევა, ახალი მოდელი სპეციალურად კომპლექსური, აგენტური ამოცანების შესასრულებლად შეიქმნა. ეს ტექნოლოგია Superintelligence Labs-ის სახელით ცნობილმა Meta-ს ქვედანაყოფმა შეიმუშავა და მისი უსაფრთხოების სისტემა Advanced AI Scaling Framework-ის სტანდარტებს ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ ახალ მოდელს კომპლექსური პროექტების შესრულება წინამორბედთან შედარებით ბევრად სწრაფად შეუძლია. ახალი მოდელი მართავს მრავალაგენტიან სისტემებს, სადაც მთავარი აგენტი გეგმას ადგენს, შესრულებას კი პარალელურ ქვეაგენტებს ავალებს. ეს ქვეაგენტები მათთვის განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებენ და მთავარ აგენტს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის შუამავლობის გარეშე უკავშირდებიან. ამასთან, ახალი სისტემა წარსულში შესრულებულ მოქმედებებსაც იმახსოვრებს.
ახალ მოდელს ასევე აქვს მულტიმოდალური სტრუქტურა, რაც მას ფოტოებისა თუ აუდიო ფაილების დამუშავების საშუალებას აძლევს. ახალი ფუნქციები დეველოპერებისთვის Meta Model API-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია, მომხმარებლები კი მის გამოყენებას Meta AI აპლიკაციაში შეძლებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge