
Microsoft-მა სან-ფრანცისკოში აგენტური სისტემები და ახალი ტექნოლოგიები წარადგინა
Windows-ის შემქმნელმა წამყვანმა ამერიკულმა კომპანია Microsoft-მა დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის უახლესი პროდუქტები და ახალი მოწყობილობები წარადგინა.
ღონისძიებაზე აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ პროგრამა Autopilot-ი წარადგინა, რომელიც მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტასა და მიმოწერებს დამოუკიდებლად გააკონტროლებს. როგორც ირკვევა, კომპანიას სურს, ტექნოლოგია Copilot-ი უბრალო ჩეთბოტიდან დამოუკიდებელ სამუშაო ასისტენტად გარდაქმნას.
პრეზენტაციაზე ნადელამ ასევე განაცხადა, რომ Windows-is ოპერაციულ სისტემაში მოწინავე აგენტი OpenClaw ჩაინტეგრირდება. ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილებით, ამ პროგრამის უსაფრთხოებას იზოლირებული კონტეინერების სისტემა MXC უზრუნველყოფს. ამ მიდგომის მიზანი კი OpenClaw-ზე გაშვებული AI აგენტების მიერ ფაილების უნებართვო წაშლის თავიდან არიდება და მომხმარებლების სხვა მოთხოვნებიდან გადახვევის შეზღუდვაა.
პარალელურად, Microsoft-მა პრეზენტაცია შვიდი ახალი ენობრივი და ვიზუალური მოდელი გამოუშვა. მომხმარებლებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება სისტემა MAI-Thinking-1, რომელსაც რთული ლოგიკური ამოცანების გადაჭრა შეუძლია. ასევე შეიქმნა ფოტოების გენერატორი პლატფორმა MAI-Image-2.5. ის პროგრამა PowerPoint-ში იქნება ჩაშენებული და მომხმარებელს პრეზენტაციების აწყობაში დაეხმარება. სიახლეები ხმოვან მოდელებსაც შეეხო. კერძოდ, განახლებულ ტრანსკრიფციის მოდელს 15 ახალი ენა დაემატა, თუმცა მათ შორის ქართული ჯერ არ გვხვდება.
Microsoft-მა გაზრდილი კონკურენციის ფონზე კოდის დასაწერი პროგრამა MAI-Code-1-იც წარადგინა და პლატფორმა GitHub-ზე უკვე აიტვირთა. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენებით ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, ამისთვის ახალი საძიებო ინსტრუმენტი Web IQ გაეშვა.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა ღონისძიებაზე AI-ზე მორგებული ოპერაციული სისტემაც წარადგინა. საუბარია Project Solara-ზე, რომელიც უშუალოდ აგენტებზე ორიენტირებული მოწყობილობებისთვის იმუშავებს. სცენაზე ინჟინრებმა კომპანია Qualcomm-ის ჩიპზე მომუშავე სპეციალური დასაკიდი მოწყობილობა The Badge-ი წარადგინეს. ის ვიზუალურად დასაკიდ საშვს ჰგავს, თუმცა რეალურად ტელეფონის მსგავსი ფუნქციებითაა აღჭურვილი. კერძოდ, მორგებულია ყველა იმ AI მოწყობილობას, რომელსაც Microsoft-ი უშვებს და დაგეხმარებათ მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დავალებების შესრულებაში. მაგალითისთვის, თუ საწყობში იმყოფებით და აღწერას აწარმოებთ, ჩაშენებული კამერის დახმარებით გადაიღებთ, თუნდაც ყუთს და მონაცემები ავტომატურად აღიბეჭდება Microsoft-ის აპლიკაციაში. მისი განბლოკვა თითის ანაბეჭდით იქნება შესაძლებელი, მასთან კომუნიკაცია კი ხმოვანი ბრძანებებითაც შეგეძლებათ.