
მინისტრებისა და მერების მოადგილეებს პრემიებისა და დანამატების მიღება შეეძლებათ - კანონპროექტი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს მთავრობა ამზადებს.
კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანია მოადგილეების „სხვა თანამშრომლებთან თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება“ და მათი საქმიანობის დამატებითი მატერიალური წახალისება.
დღემდე მოქმედი წესით, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება შეზღუდული ჰქონდათ როგორც მთავრობის წევრებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს, ისე მათ მოადგილეებს. მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისთვის ასეთი შეზღუდვა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის დაწესებული, თუმცა მოადგილეების შემთხვევაში მსგავსი რისკი ნაკლებად არსებობს, რადგან მათი გადაწყვეტილებები ზემდგომი პირების კონტროლქვეშ ექცევა.
ცვლილებების მიხედვით, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ:
• საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეებს; • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს; • სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს; • მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს.
დოკუმენტის მიხედვით, დანამატი და ჯილდო გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობებისა და შესაბამის ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის ლიმიტის ზრდას. კერძოდ, საჯარო დაწესებულებებში ასეთი თანამშრომლების რაოდენობა მთლიან საშტატო რიცხოვნობაში 10%-ის ნაცვლად 15%-მდე გაიზრდება. გამონაკლისად რჩება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებები, სადაც ზღვარი კვლავ 10% იქნება.