
"მივესალმები სახელმწიფო კომპანიის შექმნას" - რატომ?|ინტერვიუ შპს "ზუგდიდის საგზაო სამმართველოს" მფლობელთან
კომპანია "ზუგდიდის საგზაო სამმართველოს“ მფლობელი და დირექტორი სოსო საჯაია საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით, სახელმწიფო კომპანიის შექმნას დადებითად აფასებს და ამ გადაწყვეტილებას ძირითადად სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლის ჭრილში მიესალმება. სოსო საჯაია ახალი სახელმწიფო უწყების მხრიდან კერძო სექტორისთვის კონკურენციის გაწევის ან კადრების გადინების რისკს ამ ეტაპზე გამორიცხავს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, დარგის სირთულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ გამოცდილი სპეციალისტების დეფიციტის გამო, სახელმწიფო კომპანიას დამოუკიდებლად მუშაობა გაუჭირდება და საბოლოოდ, ისევ არსებული კერძო კომპანიების ქვეკონტრაქტორობამდე მივა. „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“, ამჟამად 316 კილომეტრ შიდასახელმწიფოებრივ გზას ემსახურება.
ინტერვიუ სოსო საჯაიასთან|კომპანია "ზუგდიდის საგზაო სამმართველო"
- უახლოეს თვეებში ამოქმედდება სახელმწიფო კომპანია, რომელიც პირველ ეტაპზე გორი-არგვეთის 105-კილომეტრიან ავტომაგისტრალის მოვლა-შენახვაზე იქნება პასუხისმგებელი. ინფრასტრუქტურის მშენებელი ბიზნესის ნაწილი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ახალ უწყებაში კონკურენტს ხედავს. თქვენი პოზიცია როგორია?
- პირველ რიგში, მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ყველა კონტრაქტორ კომპანიას, რომლებსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მათი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით არის უზრუნველყოფილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, როგორც საავტომობილო გზების ინჟინერ-მშენებელი, მივესალმები სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს კომპანია მნიშვნელოვანი იქნება ძლიერი და უეცარი სტიქიური მოვლენების დროს - დაეხმარება კონტრაქტორ კომპანიებს და უზრუნველყოფს მათ თანამედროვე სპეცტექნიკით. აი, თუნდაც შოვის ტრაგედია ან ბოლო დროინდელი მოვლენები რომ ავიღოთ, კლიმატური ცვლილებები ძალიან მოულოდნელია… აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის საგანგებო სიტუაციებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენასა და მოსახლეობის უსაფრთხოებას. ჩემი ინტერესიც ეს არის. ხომ შეიძლება, ტენდერში არსებული ყველა ტექნიკა გზებზე იყოს გაშლილი, მაგრამ სტიქიის დროს მაინც არ აღმოჩნდეს საკმარისი და დასამატებელი გახდეს?! ასეთ შემთხვევაში, მივესალმები სახელმწიფო კომპანიის არსებობას, თუმცა კონკრეტულ საგზაო მონაკვეთებზე მე ვერ გაგცემთ პასუხს...
- გეთანხმებით - სტიქიის დროს ოპერატიულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ახალი სახელმწიფო კომპანია, პირველ რიგში, იმისთვის შეიქმნა, რომ გორი-არგვეთის ავტობანის 105-კილომეტრიან მონაკვეთს მოუაროს. ამ ნაწილში კონკურენტს ვერ ხედავთ?!
- მაგაზე მე ვერ გეტყვით…
- მაგალითად, თქვენი კომპანია ვერ შეასრულებდა ამ სამუშაოებს, შესაბამისი ფასით და პირობებით რომ გამოცხადებულიყო ტენდერი?
- მარტო ფასზე არ არის დამოკიდებული. ზოგადად, კარგია, რომ სახელმწიფო კომპანიას ეყოლება ტექნიკა და გარკვეულ მონაკვეთებზე იქნება მობილიზებული, მაგრამ კონკრეტულად ავტობანზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს.
- ინფრასტრუქტურის ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი ხედავს რისკს, რომ ერთ დღეს ამ კომპანიამ სხვა მონაკვეთებზეც გადაწყვიტოს სამუშაოების შესრულება და კერძო სექტორი შემოსავლის გარეშე დატოვოს… სახელმწიფო კომპანია წელსვე 63 მილიონ ლარად 123 ერთეულ ტექნიკას ყიდულობს. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო დამოუკიდებლად შეძლებს ამ სპეციფიკური სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას?
- ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ნამდვილად არ ვიცი. გზების მოვლა-შენახვა ძალიან სპეციფიკური დარგია. აქ თითოეულმა თანამშრომელმა ზუსტად იცის თავისი საქმე. ამას მარტო უფროსობა ვერ გადაწყვეტს. ზამთრის პერიოდში სიტუაცია ყოველ წუთს და წამს იცვლება, პუნქტებზე ხალხია განლაგებული, მარილია მოსაყრელი... ამ საქმეს დიდი პრაქტიკა და გამოცდილება სჭირდება.
- შეჯამებისთვის: თქვენ სახელმწიფო კომპანიის შექმნას იმიტომ უჭერთ მხარს, რომ სტიქიების დროს ოპერატიული რეაგირებისთვის ახალი ტექნიკა-დანადგარები იარსებებს?
- დიახ, დიახ, ამ ნაწილს ნამდვილად მივესალმები.
- მაგრამ უშუალოდ გზების მოვლა-შენახვის ყოველდღიურ ბიზნესში მათ შემოსვლაზე რას ფიქრობთ?
- ეგ არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩემი ხედვით, ეს საქმე იმდენად სპეციფიკური, შრომატევადი და წლობით ნაგროვებ პრაქტიკაზე დაფუძნებულია, წინასწარ რამის თქმა რთულია.
- ამ თემაზე ვესაუბრე “გზამშენებელის” მფლობელ ირაიდა ფაციას, რომლის კომპანია 200 კილომეტრამდე გზას უვლის, მათ შორის მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთს. ვესაუბრე კომპანია „გზამშენებელიდან“. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ვინაიდან მოვლა-შენახვის ტენდერებში ისედაც ცოტა კომპანია მონაწილეობს და საქმე რთულია, ახალ სახელმწიფო შპს-ს კვალიფიციური კადრების მოძიებას გაუჭირდება და შესაძლოა, ისევ არსებული კერძო კომპანიების ბაზაზე, ქვეკონტრაქტორობით იმუშაოს. თქვენც ასე ხედავთ?
- დიახ, ჩემი აზრითაც ასე იქნება. ჩვენი თითოეული თანამშრომელი წლების განმავლობაში გამოცდილი პროფესიონალია.
- სახელმწიფო კომპანიას ახალი ტექნიკა ეყოლება, მაგრამ ადამიანური რესურსის გამო, შესაძლოა, ისევ ბაზარზე არსებული კერძო კომპანიები დაგიქირაოთ ქვეკონტრაქტორებად?
- დიახ.
- იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ სახელმწიფოს მეტი ფინანსური რესურსი აქვს, გადაუხდის თქვენს თანამშრომლებს მეტს და კარგ კადრებს წაგართმევთ?
- არა, ამაზე არ ვფიქრობ, თუმცა ზუსტად ვერც მაგას გეტყვით…
- თქვენი კომპანია, ძირითადად, რომელ რეგიონში საქმიანობს და ამჟამად რამდენი კილომეტრი გზის მოვლა-შენახვაზე ხართ პასუხისმგებელი?
- ჩვენ 316 კილომეტრ შიდასახელმწიფოებრივ გზას ვუვლით. ეს არის: სენაკი-ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ,ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ზუგდიდი-ანაკლია-დარჩელი-განმუხური, ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს ჯვარი, წალენჯიხა-ჯვარი-ჯვარზენი და წალენჯიხა-ლია-ფახულანი. ფაქტობრივად, რეგიონის გზების 85%-ს ვემსახურებით. თანაც ძალიან რთული მონაკვეთებია, ზამთარ-ზაფხულ ლიპყინული, თოვლი, წვიმა... სულ ფხიზლად უნდა ვიყოთ.
- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?
- ამ პერიოდში 85 ადამიანი გვყავს დასაქმებული.
- როგორც ვიცი, გზების მოვლა-შენახვის ტენდერები, ძირითადად, ორწლიანი ვადით ცხადდება. საშუალოდ რა ჯდება ერთი კილომეტრი გზის მოვლა და როგორ ითვლება ფასი?
- დიახ, ორწლიანი ტენდერები ცხადდება. ფასის ასე წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის სტიქიასთან გვაქვს საქმე, რა ინტენსივობისაა გზა, სად არის ნგრევები ან ახალი გაკეთებული მონაკვეთები. ტენდერებიც კონკრეტული ზონების მიხედვით ცხადდება.
BM.GE
წყარო: bm.ge