
მხოლოდ მწარმოებელსა და მარკეტებს შორის ურთიერთობაზე მსჯელობა შედეგს ვერ მოიტანს - ლაშა რიჟამაძე
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ მხოლოდ მწარმოებელსა და ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობის რეგულირება ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ვერ უპასუხებს. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი ინიციატივა შეაფასა.
საქმე ისაა, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი "სურსათის მიწოდების ჯაჭვში, არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“, რომელიც დეტალები უცნობია. მოკლე აღწერის თანახმად, ის ძირითადად მწარმოებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე იქნება ორიენტირებული.
ლაშა რიჟამაძე ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი წარმოება თაროზე არსებული პროდუქციის მაქსიმუმ 5%-ს შეადგენს, ხოლო 95% იმპორტირებულია. ამ ფონზე კი კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებელსა და ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობას ეხება, ვერ მოიტანს პრაქტიკულ შედეგს.
ლაშა რიჟამაძის თქმით, საჭიროა ყველა სუბიექტის მონაწილეობა და პოზიციების შეჯერება, ამჟამად კი კანონპროექტზე კერძო სექტორი ინფორმირებული არაა.
"ჩანაწერში, რომელიც საშემოდგომო სესიაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს ვხედავთ, რომ საუბარი არის მხოლოდ მწარმოებელსა და შემსყიდველს, ანუ საცალო ვაჭრობის ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობის რეგულირებაზე. ეს ვერ იქნება ვერანაირი პრაქტიკული შედეგის მომტანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა შესაბამისად, მხოლოდ ამის რეგულირება ცალსახად ვერ იქნება იმ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი, რასაც ზოგადად, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ასევე სადისტრიბუციო ბიზნესი ითხოვდა. ჯერ კიდევ 2020 წელს კონკურენციის სააგენტომ თავის დასკვნაში უთითებდა ამ კანონმდებლობის საჭიროებაზე და იმ პრობლემებზე, რაზეც ასოციაციამ მიმართა და ამასთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა და დღემდე არ გვაქვს ეს კანონი. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კანონი დარეგულირდება, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ზოგადად მიმწოდებლების ნაწილში და არა მხოლოდ წარმოების კუთხით, იმიტომ რომ ქვეყანაში პროდუქციის 95% არის იმპორტირებული. თუ გვინდა, რომ ჯანსაღი, კონკურენტული გარემო იყოს ბაზარზე და მომხმარებლისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს შედარებით უფრო სტაბილური ფასი, რისი მოლოდინიც ბაზრის გაჯანსაღებისა და სამართლიანი თამაშის წესების დადგენის შემთხვევაში გვაქვს, იქნება ამ ფორმით მიღებული და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს მოიაზრება, რომ ეს მწარმოებელსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს შორის ურთიერთობას შეიძლება მხოლოდ შეეხოს.
ჩვენს, სექტორი საერთოდ ინფორმაციას არ ვფლობთ [კანონპროექტის] რა ვერსიაზეა საუბარი. ბოლო კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან კომისიების შემდგომაც, ზაფხულის დასაწყისში და სტატუსი ჰქონდა დოკუმენტს [კანონპროექტს], რომ მუშაობა მიმდინარეობს და არაა ჯერ იმ ფორმით, რომ ბიზნესს გავაცნოთო და დღეს უკვე ვღებულობთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარადგენს პროექტს. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა მხარის ჩართულობით იქნება ეს, ადგილობრივი მწარმოებლის, რითეილის, დისტრიბუტორის",- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტში მუშაობდა ე.წ. ფასების შემსწავლელი სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მწარმოებლებს; იმპორტიორებს და საცალო ქსელებს შორის მიწოდების ჯაჭვების და ფასების შესწავლით იყო დაკავებული. კომისიამ საკუთარი რეკომენდაციები 2026 წლის 1 მაისს წარადგინა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ღირებულებათა ჯაჭვის (მწარმოებელი - იმპორტიორი/დისტრიბუტორი - საცალო ქსელი - მომხმარებელი) სხვადასხვა რგოლს შორის კომერციული ძალების მკვეთრი ასიმეტრიაა, რაც იწვევს ფინანსური და ოპერაციული ტვირთის გადაკისრებას სუსტ რგოლებზე. ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს უწევთ საცალო ქსელებისთვის სხვადასხვა კომერციული და მარკეტინგული დანახარჯების გადახდა (ქეშბექები, რეტრობონუსები, თაროზე განთავსებისა და ქსელში შესვლის გადასახადები). ეს ხარჯები მწარმოებლის დონეზე შეადგენს შემოსავლების 20%-40%-ს, ხოლო დისტრიბუტორების დონეზე 5%-10%-ს. ამ საკითხთან დაკავშირებით კი რეკომენდაციის სახით მითითებულია, რომ სასურველია არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შეზღუდვა და კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაცია. მომწოდებლებთან/მწარმოებლებთან წერილობითი კონტრაქტების სავალდებულოობა და გადახდის ვადების სტანდარტიზაცია/შემცირება. დისკრიმინაციული ფასნამატებისა და არასამართლიანი ჯარიმების/გადასახადების შეზღუდვა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიმართულებით დასახელებული რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვას შეიძლება ითვალისწინებდეს ის კანონპროექტი, რომელზეც ახლა სამინისტრო მუშაობს.
BM.GE
წყარო: bm.ge