
"მნიშვნელოვანია ინტეგრაციული სისტემის შექმნა" - როგორ შეიძლება ხორცის წარმოების ხელშეწყობა?
"მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ფერმერს წარმოების გაზრდისა და პროდუქციის სტაბილური რეალიზაციის მოტივაციას მისცემს",- ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა განაცხადა, რომელიც საქონლის ხორცის სექტორის განვითარების საკითხზე სამინისტროში სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა პირუტყვის ფერმების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ხორცის სექტორის განვითარების, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს.
ბექა გონაშვილმა შეხვედრის შესახებ BMG-სთან აღნიშნა, რომ წარმოების ადგილობრივი პოტენციალის ასათვისებლად საჭიროა სისტემის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ყველა რგოლი, ფერმერები და ხორცის ჩამბარებლებიც, ითანამშრომლებენ და ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლი ფასილიტაცია უნდა იყოს.
"ხორცის წარმოების მთავარი გამოწვევა დღეს ადგილობრივი პირუტყვის რაოდენობის შემცირებაა. სახელმწიფოსა და სექტორის ერთობლივი ჩართულობით შესაძლებელი იქნება ადგილობრივი წარმოების ზრდა, სოფლის გაძლიერება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება.
საჭიროა ისეთი ინტეგრაციული სისტემა, რომელიც ყველასთვის იქნება საინტერესო და იქნებიან დაინტერესებულები ფერმერებიც, შუალედური რგოლიც და ასევე გამყიდველიც, ანუ ვინც იბარებს ხორცს. სახელმწიფოს მონაწილეობა მაგაში უნდა იყოს ის, რომ ფასილიტაციაში ჩაერთოს. ასევე შეიძლება იყოს ვთქვათ ვეტერინარების მომზადება-გადამზადება და ა.შ. შევთანხმდით, რომ კიდევ შევიკრიბებით“, - თქვა ბექა გონაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხორცის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფაზე, ბაზრის სტაბილურობაზე, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და სექტორში თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე.
„შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელთა ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რომ სექტორმა მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი მოთხოვნები და განვითარების ხედვა, რაც სახელმწიფოს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ხორცის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა და სექტორის წარმომადგენელთა შესაძლო გაერთიანება, რაც დარგში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
სექტორის წარმომადგენელთა კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ დარგის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია ფერმერების, მსხვილი შემსყიდველებისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობა. ამასთან, მონაწილეებმა იმსჯელეს ხორცის კატეგორიზაციის სისტემის განვითარებაზე, ფერმერთა გადამზადების შესაძლებლობებზე, საბრუნავი კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე, ადგილობრივი წარმოების წახალისების მექანიზმებსა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი მეხორცული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ინვესტიციების მხარდაჭერაა.
BM.GE
წყარო: bm.ge