
„მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილეთ ქაოსური განვითარება“- როდის ექნება ფოთს გენგეგმა?
ფოთის გენერალურ გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი შემსრულებელი კომპანიის „სითი ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა მამუკა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, დეტალური განაშენიანების დაგეგმვა 700 ჰექტარზე მიმდინარეობს, რაც მისი შეფასებით, ქვეყნის პრაქტიკაში უპრეცედენტოა.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის კონცეფციის ნაწილი, რომელიც მოიცავს ქალაქის განვითარების ძირითად ხედვას, ფუნქციურ დატვირთვებსა და სივრცით სტრუქტურას.
პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის, სატრანსპორტო და ურბანული კავშირების გაძლიერების დაგეგმვა, სანაპირო ზოლის განვითარების კონცეფცია, ასევე სპორტული, ტურისტული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განაწილება.
გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია მზად ზაფხულში უნდა იყოს.
„ფოთთან დაკავშირებული ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვანი იქნება როგორც დეველოპერებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად ყველასთვის, ვისაც ჩვენი ქალაქების განვითარება აინტერესებს.
ჩვენ ფოთში საკმაოდ ამბიციურ სიახლეებს ვგეგმავთ. განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, სადაც ძირითადად გენერალური გეგმები ან სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები გვიმუშავია, აქ საქმე ბევრად უფრო მასშტაბურია, დაახლოებით 700 ჰექტრის დეტალურ დაგეგმარებაზე ვმუშაობთ. ეს ნიშნავს, რომ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ფუნქციური ზონების განსაზღვრით არამედ რეალურად ვქმნით განაშენიანების დეტალურ გეგმას, რაც საქართველოში ასეთი მასშტაბით ჯერ არ განხორციელებულა.
პროექტი მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებებს: დაგეგმილია დიდი სპორტული ჰაბი მალთაყვის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი და ტურისტული კომპლექსები, სასტუმროები, აპარტოტელები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. სანაპირო ზოლის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო პანდემიის პერიოდი. მაშინ დავინახეთ, რამდენად დაუცველია ქალაქი, რომელიც მხოლოდ ერთ ფუნქციაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ფოთის განვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დივერსიფიკაციას. პორტი, რა თქმა უნდა, რჩება ქალაქის მნიშვნელოვან ბირთვად, მაგრამ პარალელურად ვავითარებთ ტურიზმს, განათლებას, კულტურას და სპორტს. ვქმნით მრავალფუნქციურ, მდგრად ქალაქს. ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ ურბანულ კავშირებს. ვმუშაობთ იმაზე, რომ უკეთ დავაკავშიროთ სხვადასხვა უბნები, მათ შორის კუნძულის უბანი, მალთაყვა და სხვა ტერიტორიები. ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებით სანაპიროზე, ვთავაზობთ ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა თევზსაჭერი და საზღვაო პორტების აღდგენა, ანუ იმ ფუნქციების დაბრუნება, რაც ფოთს ისტორიულად ჰქონდა.