
მომავალ წელს "თურქულის" საწინააღმდეგოდ 1.7 მლნ ცხოველის ვაქცინაცია-რევაქცინაციაა გათვალისწინებული - ლაშა ავალიანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ამბობს, რომ 2027 წელს დაავადება „თურქული“ ცხოველების (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა და სხვა) მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო 1.7 მლნ ცხოველის ვაქცინაცია-რევაქცინაციაა გათვალისწინებული. მან ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ვაქცინაციის საკითხით "ქართული ოცნების" დეპუტატი გელა სამხარაული დანტერესდა: "ვაქცინებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ უფრო მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო ბიუჯეტში. რა მდგომარეობა გაქვთ, თუნდაც [დაავადება] თურქულთან მიმართებით? ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე ვერაგი დაავადებაა. ჩვენ გასულ წელს გვქონდა შემთხვევები, რაღაცა პერიოდში მოგვიწია კიდევაც ამ ვაქცინების ლოდინი, სანამ შემოვიდოდა ქვეყანაში და პატარა პერიოდში ეს ვაკუუმი შეიქმნა. წელს რა მდგომარეობა გვაქვს და რომ გვითხრათ, მომავალი წლის ბიუჯეტშიც, როგორ ვემზადებით ამ საიმედოობისთვის?“,- აღნიშნა დეპუტატმა.
საპასუხოდ, ლაშა ავალიანმა განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის, ევროკავშირში წარმოებული ვაქცინის ყიდვა იგეგმება.
„სწორედ აღნიშნეთ, რომ დაავადება თურქული ერთ-ერთი ყველაზე მაღალკონტაგიოზური დაავადებაა და ზოგადად პრობლემური არის რეგიონისთვის. წინა ორი წლის განმავლობაში ეს პრობლემა უკვე ევროპის აღმოსავლეთ ნაწილსაც დაუდგა, იმ ქვეყნებს, სადაც ეს ათწლეულების განმავლობაში არ იყო დაფიქსირებული. შუაგულ ევროპაში, გერმანიაში დაფიქსირდა სრულიად მოულოდნელად, რამაც სერიოზული პრობლემა შექმნა ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩვენი მიდგომა რამდენიმე წლის განმავლობაში არის - და ეს ჩვენი კანონმდებლობითაც არის განსაზღვრული - რომ სწორება გვაქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინაზე, რომელიც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში როგორც რეგისტრირებული, ასევე წარმოებული. თუმცა, სწორედ აი ამ თვითონ ევროპაში პრობლემის არსებობამ დააყენა საკითხი, რომ თითოეულმა ქვეყანამ დაიწყო მარაგების შექმნა. შესაბამისად, მსოფლიოში და მათ შორის განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში გაჩნდა დეფიციტი. ეს ქმნის იმ გარემოებას, რომ ის მაღალი ხარისხის, ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა დღეს არსებული მდგომარეობით (რომელიც პირობითად ღირს 7 ლარი წინა წლების გამოცდილებით), მისი ალტერნატივა არის უკვე სხვა ქვეყნების - მესამე ქვეყნებში წარმოებული ვაქცინა, რომელიც ჩამორჩება ხარისხობრივად, თუმცა რა თქმა უნდა, თავის ფუნქციას ასრულებს. და აქ ფასში განსხვავება არის საკმაოდ მაღალი (7 ლარი მოგახსენეთ, და არის 3,50 ლარი საბაზრო ღირებულება, რომელმაც ასევე აიწია ბოლო წლებში აი ამ მოთხოვნიდან გამომდინარე). აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალ წელს 1 700 000 ცხოველის ვაქცინაცია-რევაქცინაცია გვაქვს გათვალისწინებული და სწორებას კვლავ ვაკეთებთ მაღალი ხარისხის ვაქცინაზე.
დღეის მდგომარეობით ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა ევროპას, მოგვარებულია. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ბაზარზე და ჩვენი კანონმდებლობით, შესყიდვის პროცესებს ვიწყებთ ამ ვაქცინაზე. ამ მიმართულებით არის გარკვეული საკითხები, რომელსაც გავივლით ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან.
რაც შეეხება წლევანდელ წელს: ხვალ, 10 რიცხვში არის მოსალოდნელი — და უკვე გზაში არის — ვაქცინის შემდეგი პარტიის ჩამოსვლა, რომელიც საშუალებას მოგვცემს საშემოდგომო ვაქცინაციის ჩატარების. მოგეხსენებათ, წელიწადში ორჯერ ტარდება, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე.
მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც რეგიონში არის, მიუხედავად იმ შემთხვევებისა, რაც თქვენ ახსენეთ, ჩვენ ვინარჩუნებთ ზოგადად კეთილსაიმედო ქვეყნის სტატუსს ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. ვინარჩუნებთ ამ სტატუსს საერთაშორისო დონეზე ყველანაირად იმ ძალისხმევით, რისი საშუალებაც გვაქვს, თუმცა აქ ყოველთვის არის წამყვანი ვაქცინა და ამიტომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია",- ამბობს მინისტის მოადგილე.
თურქული (Food and Mouth Disease) წყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების მაღალკონტაგიოზური, ვირუსული ინფექციური დაავადებაა. თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ადამიანი თურქულით არ ავადდება. გასულ წელს საქართველომ მათ შორის რუსეთში წარმოებული ვაქცინები შეიძინა.
BM.GE
წყარო: bm.ge