"მომდევნო ექვს თვეში მსოფლიოს ზოგ ნაწილში შიმშილის პრობლემა გამწვავდება" - გაერო მიზეზებზე
გაეროს ორმა სააგენტომ ახალ ანგარიშში განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოს 16 "ცხელ წერტილში" შიმშილის პრობლემა მკვეთრად გამწვავდება, რაც ძირითადად შეიარაღებული კონფლიქტებითა და ექსტრემალური კლიმატური მოვლენებით არის განპირობებული.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) პარასკევს გაავრცელეს გაფრთხილება, რომ შიმშილობის ყველაზე მძიმე საფრთხის წინაშე სუდანი, სამხრეთ სუდანი, სომალი, ჩრდილოეთ ნიგერია და იემენი დგანან. ამის მიზეზი ძალადობა, იძულებითი გადაადგილება, ეკონომიკური სიდუხჭირე და ექსტრემალური ამინდი, მათ შორის "ელ-ნინიოს" ფენომენია.
ანგარიშში, რომელსაც "სასურსათო კრიზისების წინააღმდეგ გლობალური ქსელი" წელიწადში ორჯერ აქვეყნებს, კრიზისული ზონების რაოდენობა გაიზარდა: სიას დაემატა ჩადი, უგანდა, ასევე სამხრეთ აფრიკისა და ცენტრალური ამერიკის ნაწილები, ხოლო ლიბანი სიიდან ამოიღეს.
ანგარიშის თანახმად, 16 "ცხელი წერტილიდან" 12-ში შიმშილის მთავარი მიზეზი შეიარაღებული კონფლიქტი და ძალადობაა, რასაც ემატება სურსათის, ენერგორესურსებისა და ტრანსპორტირების მკვეთრად გაზრდილი ფასები, რაც ადამიანებს თავის რჩენის შესაძლებლობას უზღუდავს.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, "ელ-ნინიო" მომდევნო თვეებში უჩვეულო მასშტაბებს მიაღწევს და იგი ოთხი ახალი "ცხელი წერტილიდან" სამში კრიზისის მთავარი გამომწვევი ფაქტორია: სამხრეთ აფრიკაში, ცენტრალური ამერიკის ე.წ. "მშრალ დერეფანსა" და ჩრდილო-აღმოსავლეთ უგანდაში.
სააგენტოების გაფრთხილება 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. მათი თქმით, ჰუმანიტარული დაფინანსების შემცირება კატასტროფის თავიდან აცილების მცდელობებს მნიშვნელოვნად აფერხებს.
ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ ხუთ ქვეყანაში, რომლებიც 2022 წლიდან მოყოლებული მუდმივად ფიგურირებენ ამ სიაში, ჰუმანიტარული დახმარება 2022-2025 წლებში თითქმის ორი მესამედით - 5.1 მილიარდი დოლარიდან 2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ კრიზისების მთავარ მამოძრავებელ ძალად კვლავ კონფლიქტები, ეკონომიკური შოკები, კლიმატური ექსტრემუმები და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდული წვდომა რჩება, რესურსების შემცირებამ შეასუსტა მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და ვითარების გაუარესების შერბილების შესაძლებლობა", - წერენ FAO და WFP.
