
"მომხმარებელთა აქტივობა 10-15%-ით გაგვეზარდა"|რა გეგმები აქვს "ქართულ ხიზილალას"?
თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ქართული ხიზილალა”, რომელიც რესტორანსაც ფლობს, პირველ კვარტალში გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს. როგორც BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ბიზნესზე უარყოფითად აისახა.
მეწარმის თქმით, მათ მომხმარებლებს შორის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები არიან, მათ შორის უკრაინიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან. ხოლო ისრაელელი და არაბი მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც თევზის რესტორნის აქტიურ სეგმენტს წარმოადგენდნენ, შემცირდა.
„პირველ კვარტალში წლიურად აქტივობა დაახლოებით 10-15%-ით არის მომატებული. ჩვენი მომხმარებლები იყვნენ ქართველებიც და უცხოელებიც. უცხოელების წილი მთლიან დატვირთვაში დაახლოებით 25-30%-ია“, - აცხადებს ალექსანდრე დადიანიძე.
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანიამ სივრცეში ინფრასტრუქტურა გააფართოვა და რესტორანს მეორე ფლიგელი დაუმატა, რის შედეგადაც ობიექტის გამტარუნარიანობა 200-დან 300 სტუმრამდე გაიზარდა: „ზაფხულის სეზონზე სტუმრებს ვეღარ ვატევდით. ამიტომ დავამატეთ თანამედროვე მეორე ფლიგელი, რომელიც ტბას გადმოჰყურებს და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია წელს რესტორნის მენიუს გაფართოებასაც გეგმავს. დამფუძნებლის თქმით, სტუმრებს ექსკლუზიურ ზღვის პროდუქტებზე დაფუძნებულ კერძებს შესთავაზებენ, რომლებიც ქართულ ბაზარზე ანალოგის გარეშე იქნება.
გარდა ამისა, „ქართული ხიზილალა“ უახლოეს პერიოდში თევზსაშენის მასშტაბურ რეკონსტრუქციის დაწყებასაც გეგმავს: „დანიელები აკეთებენ პროექტს და შემდეგ ადგილზე ჩვენ განვახორციელებთ. გვექნება ზუთხის წარმოება თანამედროვე სტანდარტებით. მთლიანად კრედიტით ფინანსდება“, - აცხადებს ალექსანდრე დადიანიძე, თუმცა დამატებითი დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს.