მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Moody's-ი 2026 წელს საქართველოში 6.4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს
Moody's-ი 2026 წელს საქართველოში 6.4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

Moody's-ი 2026 წელს საქართველოში 6.4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

BM.GE1 ივლისი, 2026, 11:11|bm.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. Moody's-ი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.4%-იან, ხოლო 2027 წელს 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. Moody's-მა საქართველოსთვის წინა შეფასება 2025 წლის მარტში გამოაქვეყნა და ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა, ახლა კი რეიტინგის პერსპექტივა კვლავ "სტაბილურამდე" გაუმჯობესდა.

Moody's-ის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ტემპი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ რისკებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს უკავშირდება.

„ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ამსუბუქებს შიდა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთან, განვითარების პარტნიორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მხარს უჭერს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალ ეფექტიანობას, თუმცა შიდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ზეწოლა კვლავ ნარჩუნდება,“ - აღნიშნავს Moody's-ი.

Moody's-ის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.8%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წლის საშუალო ზრდა 7.5% იყო.

სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 6.4% იქნება, ხოლო 2027 წელს 5.5%-მდე შენელდება, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკური გავლენის გათვალისწინებით არის შეფასებული.

„2026 წელს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 6.4%, ხოლო 2027 წელს 5.5% იქნება. შემდგომ წლებში ეკონომიკა 5-6%-იან პოტენციურ ტემპს შეინარჩუნებს,“ - წერია ანგარიშში.

Moody's-ის შეფასებით, ზრდის მთავარი წყარო ფართო ეკონომიკური აქტივობა, კერძო მოხმარება და ინვესტიციებია. ასევე აღნიშნულია, რომ შუა დერეფნის გააქტიურებული მნიშვნელობა ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს.

სახელმწიფო ვალი მცირდება

სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საჯარო ფინანსების მდგრადობის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის ვალი შემცირდა და ეს ტენდენცია სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება.

Moody's-ის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი, რომელიც 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 60%-ს შეადგენდა, 2025 წელს დაახლოებით 34%-მდე შემცირდა. სააგენტო ვარაუდობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეს მაჩვენებელი 30%-ის დაბალ დიაპაზონს მიუახლოვდება.

„მთავრობის ვალი 2020 წლის თითქმის 60%-დან 2025 წელს დაახლოებით 34%-მდე შემცირდა, რასაც ძლიერი ნომინალური ეკონომიკური ზრდა და ფისკალური დისციპლინა განაპირობებდა. ვალის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში კიდევ უფრო შემცირდება,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

სააგენტო ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ვალის მომსახურების შესაძლებლობა კვლავ მყარია, რასაც შეღავათიანი დაფინანსების მაღალი წილი, ვალის ფრთხილი მართვა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს.

რატომ გაუმჯობესდა რეიტინგის პერსპექტივა

Moody's განმარტავს, რომ პერსპექტივის გაუმჯობესება დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებისა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ეკონომიკურ შედეგებს უფრო ნაკლებ საფრთხედ აფასებს, ვიდრე წინა შეფასებისას, რომელიც 2025 წლის მარტში გამოქვეყნდა. მაშინ სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა.

„სტაბილური პერსპექტივა ეფუძნება შეფასებას, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებისა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის გავლენა ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე ადრე ვფიქრობდით,“ - წერს Moody's-ი.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხების მიუხედავად, ეკონომიკის ფუნდამენტური მდგომარეობა არ გაუარესებულა. ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ვალის შემცირება, ინვესტიციების ზრდა და ეკონომიკური აქტივობის მაღალი ტემპი.

რა დაედო საფუძვლად Ba2 რეიტინგის შენარჩუნებას

Moody's-ის შეფასებით, საქართველოს Ba2 რეიტინგს მხარს უჭერს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიციები, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ეკონომიკის მდგრადობა.

სააგენტოს შეფასებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს შუა დერეფანში მდებარეობა, რაც მომავალშიც ხელს შეუწყობს ვაჭრობის, ლოგისტიკისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას.

ამავე დროს Moody's ხაზს უსვამს, რომ რეიტინგზე შემაკავებელ ფაქტორებად კვლავ რჩება პოლიტიკური რისკები, ინსტიტუციური გამოწვევები და გეოპოლიტიკური გარემო, თუმცა ამ ეტაპზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა აღნიშნულ რისკებს აბალანსებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შუა დერეფნის და EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა დროებითია - ელგუჯა ხოკრიშვილი

შუა დერეფნის და EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა დროებითია - ელგუჯა ხოკრიშვილი

BM.GE

საერთაშორისო კონსულტანტები შეაფასებენ საქალაქო რკინიგზის განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს - კალაძე

საერთაშორისო კონსულტანტები შეაფასებენ საქალაქო რკინიგზის განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს - კალაძე

BM.GE

Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა

Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა

BM.GE

საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დაინიშნება - კახა კალაძე

საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დაინიშნება - კახა კალაძე

BM.GE