მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია
მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია

მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია

BM.GE18 ივნისი, 2026, 23:00|bm.ge

მოსახლეობის დიდი ნაწილის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა კი, არაინკლუზიურია - ამის შესახებ BMG-სთან ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად მშპ-ს ზრდისა, მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილდღეობაზე ეს პროცესი სათანადოდ არ აისახება.

აკაკი ცომაია ამბობს, რომ საქართველოში სტრუქტურული პრობლემაა ის, რომ სასურსათო პროდუქტებზე ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე მედიანური ხელფასების ზრდის ტემპი. ეკონომისტის დაკვირვებით, დასაქმებულთა დაახლოებით 66%-ის შემოსავალი 1200-1500 ლარს არ აღემატება.

„სასურსათო კალათა საშუალოდ შემოსავლების 30%-ს იკავებს, თუმცა, დაბალშემოსავლიან ჯგუფებში ეს მაჩვენებელი 50%-ზე მეტია. რეალური შემოსავალი მოსახლეობის ფართო ფენისთვის ან საერთოდ არ იზრდება, ან მცირდება,“ - ამბობს აკაკი ცომაია BMG-სთან.

მისივე თქმით, ბევრი ოჯახისთვის დანაზოგი არა ნებაყოფლობითი დაგროვება, არამედ ბანკის ვალის - პროცენტისა და ძირის - დაფარვის ვალდებულებაა. როგორც ცომაია განმარტავს, მოსახლეობის დიდი ნაწილი სამომხმარებლო სესხების ხარჯზე ცხოვრობს, რადგან სხვაგვარად ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებას ვერ ახერხებენ.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობის ნაწილი ეკონომიკურ ზრდას, აკაკი ცომაია მიზეზად დარგობრივი დისბალანსს ასახელებს. მისი თქმით, ეკონომიკა სწრაფად იზრდება ისეთ სექტორებში, სადაც დასაქმების დონე დაბალია (მაგალითად, ICT სექტორი), ხოლო იქ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობაა დასაქმებული (ვაჭრობა, მრეწველობა), დასაქმების ზრდის ტემპი დაბალია.

„სამშენებლო სექტორშიც კი, სადაც ზრდა იყო, ხელფასები პროპორციულად არ იზრდებოდა. საფინანსო სექტორში იზრდება მოგება, მაგრამ არა დასაქმებულთა რაოდენობა ან ტრანზაქციების მასშტაბი,“ - განმარტავს ცომაია.

ეკონომისტის აზრით, მდგომარეობის გამოსწორება გრძელვადიანი პროცესია, რომელიც სწორ პოლიტიკურ კურსს და გამართულ ინსტიტუტებს, ასევე, მსოფლიო ბაზარზე მჭიდრო ინტეგრაციას, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ინოვაციებში ჩართვას მოითხოვს.

„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ინსტიტუციების გამართული მუშაობა, თუმცა, ბევრი რამ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული - ჩვენს უნარებზე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ნიშა ვიპოვოთ. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ცხოვრების დონის სწრაფი ამაღლება,“ - ამბობს აკაკი ცომაია.

ოჯახების 77%-ს არ აქვს დანაზოგი, რომელიც შემოსავლის არ ქონის შემთხვევაში 1 თვე მაინც ეყოფათ. ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევაშია აღნიშნული. კვლევა "ბიზნეს ომნიბუსი" ეროვნული მასშტაბის, მოსახლეობის კვარტალური სატელეფონო (CATI) გამოკითხვაა. ის 1000 რესპონდენტს მოიცავს.

კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი, ეკონომიკური პულსი აჩვენებს, რომ ოჯახების 23% აკეთებს დანაზოგს, რომელიც საკმარისია მათი მინიმუმ ერთი თვის ხარჯების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ოჯახების 27%-ს თქმით, შეუძლია ყოველთვიური შემოსავლის ნახევარზე მეტი სხვადასხვა შესყიდვებზე დახარჯოს. აუცილებელ ხარჯებზე (საკვები, ქირა, სესხი, კომუნალური გადასახადები) კი მიდის ოჯახების ყოველთვიური შემოსავლის 73%. ფინანსური მოქნილობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ავლენენ: ახალგაზრდები (18-34), დასაქმებულები და 2000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონეები.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბანკებმა 2025 წელს 2587 საეჭვო გარიგების შესახებ გააგზავნეს შეტყობინება - ზრდა 55%-ია

ბანკებმა 2025 წელს 2587 საეჭვო გარიგების შესახებ გააგზავნეს შეტყობინება - ზრდა 55%-ია

BM.GE

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ₾3 მლნ გადაეცემა - რაში დაიხარჯება დაფინანსება?

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ₾3 მლნ გადაეცემა - რაში დაიხარჯება დაფინანსება?

BM.GE

ყველაზე ძვირი ფრანგული და იაფი ირანული - კარაქის ბაზარზე 1 კილოგრამის საშუალო საიმპორტო ფასი

ყველაზე ძვირი ფრანგული და იაფი ირანული - კარაქის ბაზარზე 1 კილოგრამის საშუალო საიმპორტო ფასი

BM.GE

„ტობა ეკო სოფელი“ ინფრასტრუქტურას აფართოებს - რას შესთავაზებს ტურისტული ობიექტი მომხმარებელს?

„ტობა ეკო სოფელი“ ინფრასტრუქტურას აფართოებს - რას შესთავაზებს ტურისტული ობიექტი მომხმარებელს?

BM.GE