
მოსაკრებელი ₾100 ათასი, გადასახადი 5%| პირობები მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოებისთვის
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოში ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩო იქმნება, რომელიც სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალურ შემოსვლას წაახალისებს, თუმცა მათ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს წვდომა არ ექნებათ.
კერძოდ, შემოდის ახალი კატეგორიის ნებართვები:
• სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
განმარტებითი ბარათის თანახმად, თითოეული სახის ნებართვისთვის (რომელიც გაიცემა 5 წლის ვადით), ყოველწლიურად სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 000 ლარი იქნება. ასევე, დაწესდება მოგების გადასახადი - მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 5% ყოველთვიურად. აღსანიშნავია, რომ ახალი ლიცენზიის ფარგლებში მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილ ონლაინ-კაზინოებს მთავრობა დაბეგრავს უფრო დაბალი განაკვეთით, ნაცვლად 20%-ისა, რომლითაც სტანდარტულ ონლაინ-კაზინოები იბეგრებიან, სადაც საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ თამაში.
სანებართვო პირობების ან მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის წესდება ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. 23 ივნისის სხდომაზე მას ერთხმად დაუჭირა მხარი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.
BM.GE
წყარო: bm.ge