
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თოვა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების საფრთხე – სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამინდის გაუარესებას შესაძლოა, მდინარეებში წყლის დონის მატება, წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები და დასახლებულ პუნქტებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა მოჰყვეს.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ელჭექი, მთიან რაიონებში - ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.
ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, დასავლეთ საქართველოს მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონე მნიშვნელოვნად გაზარდოს. აჭარა-გურიის მცირე მდინარეებზე მოსალოდნელია წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა შესაძლებელი.
ამასთან, მთიან რაიონებში ძლიერი თოვის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და გზებზე ლიპყინულის, მაღალმთიან ზონებში კი ზვავსაშიშროების გამო შესაძლოა, საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეიზღუდოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, მოსალოდნელი საფრთხეების დონე საშუალოა.
ცნობისთვის: დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო. შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ათეულობით მუნიციპალიტეტსა და სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუფერხებლად გაგრძელდება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებით, სამუშაოების ახალი თარიღის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აცნობებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge