მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება - TBC Capital
მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება - TBC Capital

მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება - TBC Capital

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 01:53|bm.ge

ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი - იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს, თუმცა ამ ეტაპზე, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ მაკროეკონომიკური განახლებაშია აღნიშნული.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება მოსალოდნელი იყო, თუმცა პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტებიც საკმაოდ ძლიერია.

"მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი - იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპზე, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება. ამ ფონზე, საბაზო სცენარი ლარის გაცვლით კურსს კვლავ არსებულ ნიშნულთან ახლოს მოიაზრებს. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. რაც შეეხება სასაქონლო პროდუქტებს, საგარეო ვითარების დამატებითი მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის, რაც საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს უკავშირდება, რომლებიც ბევრ - თუმცა არა ყველა - სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს", - წერია მიმოხილვაში.

დოკუმენტში საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ სასაქონლო პროდუქტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პირველის მსგავსად, მეორე კვარტალშიც მნიშვნელოვანი იყო. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება - რომელსაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გაზრდილი საერთაშორისო ფასები უწყობს ხელს - ბიზნესს სექტორის გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად რჩება. თუმცა ჯამურად ეკონომიკაზე გავლენა გაცილებით ზომიერია: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური პროდუქციის შეძენას ხმარდება, ხოლო პარალელურად გაძვირებული იმპორტი დამატებით საექსპორტო შემოსავალს დიდწილად აბალანსებს. ამავე დროს, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და, გარკვეულწილად, სურსათის მაღალი ფასები იმპორტულ ინფლაციაში აისახება, ლარის გამყარების მიუხედავად.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ზრდის დაახლოებით მესამედი მრეწველობაზე მოდიოდა, რეალურ ეკონომიკურ ზრდაში კი მისი წილი მხოლოდ 3.4%-ს შეადგენდა. ამის მიზეზი წარმოების თავისებურებაა: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური, მათ შორის იმპორტირებული, ნედლეულისა და სხვა მასალების შეძენას ხმარდება. შედეგად, დიდი მოცულობის გამოშვება იმავე მასშტაბის დამატებული ღირებულების შექმნას არ ნიშნავს. ამასთან, ზრდის ნაწილი ფასების მატების ეფექტს ასახავს.

მეორე მხრივ, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების ექსპორტზე იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტის ზრდის 100%-ზე მეტი მოდიოდა, რამაც სრულად დააბალანსა ავტომობილების რეექსპორტის კლება. თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია.

TBC Capital-ის შეფასებით, სასაქონლო ფასების მატებამ იანვარ-ივლისის სავაჭრო ბალანსი, დაახლოებით, 10-დან 100 მილიონ აშშ დოლარამდე გააუმჯობესა, თუმცა შედეგები ძალზე მგრძნობიარეა ალტერნატიულ სცენარში გამოყენებული საფასო დაშვებების მიმართ.

ამავდროულად, სავალუტო ბაზარზე სიჭარბეს სხვა შემოდინებებიც უწყობს ხელს. მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა. დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კვლავ გააქტიურებული შესყიდვებიც. ამ ფონზე, აგვისტოს ბოლოს სებ-ის მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 2 მილიარდით მეტია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

10 წელში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე ₾28 მილიონამდე დაიხარჯა | სოფლის განვითარების სააგენტო

10 წელში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე ₾28 მილიონამდე დაიხარჯა | სოფლის განვითარების სააგენტო

BM.GE

სებ-მა მეტი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაატაროს "ფინანსურ პირამიდებზე" - ალექს სუდაძე

სებ-მა მეტი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაატაროს "ფინანსურ პირამიდებზე" - ალექს სუდაძე

BM.GE

ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე სამუშაოები დასრულდა - როგორ შეიცვლება მოძრაობის სქემა?

ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე სამუშაოები დასრულდა - როგორ შეიცვლება მოძრაობის სქემა?

BM.GE

მთავრობამ, გურჯაანში ღვინის ლაბორატორიისთვის, სახელმწიფო შპს ₾900 ათასით დაასუბსიდირა

მთავრობამ, გურჯაანში ღვინის ლაბორატორიისთვის, სახელმწიფო შპს ₾900 ათასით დაასუბსიდირა

BM.GE