
აფეთქება მოსკოვის ცენტრში - 3 დაღუპული და 21 დაშავებული
მოსკოვის ცენტრში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე იტალიურ რესტორან Balzi Rossi-სთან აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, აფეთქება თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, უცნობი ქალი რესტორანში შესვლას ცდილობდა, თუმცა დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა. სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება, რომელსაც თავად ქალი, დაცვის თანამშრომელი და რესტორნის ერთ-ერთი სტუმარი ემსხვერპლნენ.
დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია, მაშველები და სხვა საგანგებო სამსახურები. ტერიტორია მალევე გადაიკეტა, ხოლო სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.
რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებელი პირები და თავდასხმის მოტივი ამ დრომდე არ დაუსახელებია.
ამასთან, Reuters-ი წერს, რომ რუსული გამოცემა Kommersant-ის ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა რესტორნის ღია ტერასაზე მყოფი სტუმრების წინააღმდეგ იყო გამიზნული. ასევე განიხილება შესაძლებლობა, რომ მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს და ქალმა, რომელსაც ის თან ჰქონდა, შესაძლოა არც კი იცოდა ამის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
Reuters-ის ცნობითვე, ბოლო თვეებში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) სამხედრო მაღალჩინოსნების უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. უწყება ამას უკრაინას უკავშირებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში სამხედრო პირებზე არაერთი თავდასხმა და თავდასხმის მცდელობა დაფიქსირდა.
რესტორნის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების დროს დაწესებულება ჩვეულებრივი სტუმრებისთვის დაკეტილი იყო და იქ კერძო ღონისძიება მიმდინარეობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge