
მოსკოვმა და კიევმა 9 მაისთან დაკავშირებით ზავი სხვადასხვა თარიღებში გამოაცხადეს
ვლადიმერ პუტინმა 8 და 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მალევე საკუთარი ინიციატივით გამოეხმაურა და თქვა, რომ კიევი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას 5 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით გეგმავს. ზელენსკის განმარტებით, კიევისთვის ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ საიუბილეო თარიღზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯერჯერობით უცნობია, სცემენ თუ არა პატივს მხარეები ერთმანეთის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინული ინიციატივა 8-9 მაისს არ ითვალისწინებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევი წინასწარ გააფრთხილა და განაცხადა, რომ თუ უკრაინული მხარე სადღესასწაულო ღონისძიებების ჩაშლას შეეცდება, ამას მასშტაბური იერიში მოჰყვება. უწყების განცხადებით, კრემლი შეტევას პირდაპირ კიევის ცენტრზე მიიტანს. აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და დიპლომატიურ მისიებს ქალაქის დროულად დატოვებისკენ მოუწოდა. მოსკოვი აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდა, თუმცა ჰუმანიტარული მიზნების გათვალისწინებით თავს იკავებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ უკრაინა აღლუმისა და ღონისძიებების ჩაშლას ცდის, ის "სამაგალითო" პასუხს მიიღებს.
ცნობისთვის, წელს მოსკოვში დაგეგმილი სამხედრო აღლუმი მძიმე ტექნიკის გარეშე ჩაივლის. ამის მიზეზად კი ოფიციალური უწყებები უკრაინული დრონების მხრიდან მომავალ საფრთხეებს ასახელებენ. შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები საგრძნობლად გახშირდა. ერთ-ერთი ასეთი დარტყმა ქალაქში მდებარე შენობაზე ორშაბათს განხორციელდა.
BM.GE
წყარო: bm.ge