
მშპ-ის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის $12.0 ათასს, ხოლო 2030 წლისთვის $15.0 ათასს გადააჭარბებს - ლაშა ხუციშვილი
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა.საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თქმით, ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველადი ვარიანტი გასულ თვეს პარლამენტის კომიტეტებმა და ფრაქციებმა დეტალურად განიხილეს და გარკვეული შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაბრუნდა.
მინისტრის განცხადებით, წარმოდგენილ ვერსიაში მთელი რიგი სოციალური პროგრამების და სახელმწიფო უწყებების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა.ლაშა ხუციშვილმა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი 3.7 %-ს შეადგენს. რაც შეეხება ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს, 2027 წელს ის 8.9%-ით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს.ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მომავალი წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს გადააჭარბებს.„ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუბრუნდება. მომდევნო წლებშიც ინფლაციის პროგნოზი მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება. 2027 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ის დონეზე, მთავრობის ვალის მაჩვენებელი კი 31.6 %-ის დონეზეა და მომდევნო წლებში ინარჩუნებს მცირედით კლების ტენდენციას“, - აღნიშნა მინისტრმა.2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების მოცულობა განსაზღვრულია 29 მილიარდ 875 მილიონი ლარის ოდენობით, რაც პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 355 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები კი 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2 მილიარდ 370 მილიონი ლარით აღემატება.2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 38 მილიარდ 243 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 263 მილიონი ლარით აღემატება.მომავალი წლისთვის ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია მილიარდ ლარზე მეტით, მათ შორის: მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 685 მილიონი ლარით იზრდება, რაც დაკავშირებულია კანონმდებლობის შესაბამისად, პენსიების ინდექსაციასთან.სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.ძირითადი ფინანსური დოკუმენტის შესახებ დასკვნები და მოსაზრებები საპარლამენტო ფრაქციების, ეროვნული ბანკის და გენერალური აუდიტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
BM.GE
წყარო: bm.ge