მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მთა, ტაძარი, ხინკალი…არაფერი შეცვლილა" - მწარე სიმართლე ქართული ტურიზმის შესახებ სოფო დარბაიძისგან
"მთა, ტაძარი, ხინკალი…არაფერი შეცვლილა" - მწარე სიმართლე ქართული ტურიზმის შესახებ სოფო დარბაიძისგან

"მთა, ტაძარი, ხინკალი…არაფერი შეცვლილა" - მწარე სიმართლე ქართული ტურიზმის შესახებ სოფო დარბაიძისგან

BM.GE14 ნოემბერი, 2026, 13:30|bm.ge

ტურისტული კომპანია Milky Way-ს თანადამფუძნებელ სოფო დარბაიძის შეფასებით, საქართველო წლებია ვერ სცდება „მთა, ტაძარი და ხინკლის“ შაბლონურ ტურისტულ მარშრუტებს და ამასთან, ქვეყანაში მწვავედ დგას ინფრასტრუქტურული პრობლემებიც.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ქართული ტურიზმის მთავარ გამოწვევებზე, მარკეტინგულ პოლიტიკასა და კერძო თუ სახელმწიფო სექტორის შეცდომებზე საუბრისას განაცხადა.

სოფო დარბაიძის თქმით, მისთვის, როგორც ტუროპერატორისთვის, რომელიც გამყვან ტურიზმამდე შემომყვანი ტურიზმის ბიზნესით იყო დაკავებული, ერთ-ერთი ყველაზე “მწარე სიმართლე” იმის გაცნობიერება აღმოჩნდა, რომ საქართველოს კულტურულ-ისტორიული რესურსი მსოფლიო მასშტაბით უნიკალური სულაც არ არის.

"როდესაც ინდოეთში პირველად წავედი სამოგზაუროდ და კლდეში გამოკვეთილი ქალაქები ვნახე, მივხვდი - ის, რაც ვარძიასა და გორში გვაქვს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც დანარჩენ მსოფლიოს გააჩნია. ამის შემდეგ სერიოზულად მიჭირდა ტურის აღწერა... როცა გამყვან ტურებს ეხები, გადიხარ ქვეყნიდან და ხედავ, რომ თურმე რამდენი რამ არსებობს და მარტო შენ არ ხარ უნიკალური, ეს ძალიან მწარე რეალობა აღმოჩნდა“, - აღნიშნა მან.

Milky Way-ს თანადამფუძნებლის თქმით, წლებია ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალი პროდუქტის შექმნა ვერ ხერხდება და შეთავაზებები ისევ ძველ, შაბლონურ ჩარჩოებშია “გაჭედილი”. პარალელურად კი, არსებული მიზიდულობის წერტილებიც უქმდება.

„წლების წინ ვცდილობდი შემექმნა ისეთი პროდუქტი, რაც კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე განთავსებული სხვა კომპანიების შეთავაზებებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა. თუმცა „მთა, ტაძარი, ხინკალი“ - ეს არის დღემდე [ქართული ტურიზმი]; სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა... ამ ქვეყანას ბევრად მეტი შეუძლია შესთავაზოს უცხოელს“, - დასძინა ტურ-მენეჯერმა.

მაგალითად სოფო დარბაიძემ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის გამოცდილება მოიყვანა, სადაც წლების წინ „გაცოცხლებული ისტორიის“ პროექტი მოქმედებდა - კახურ და მეგრულ ოდა-სახლებში ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები ადგილზე შოთის პურს აცხობდნენ და ელარჯს ამზადებდნენ, რაც უცხოელებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

„ახლახან დავრეკე ეთნოგრაფიულ მუზეუმში და მითხრეს, რომ ეს პროექტი აღარ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც სურს, რომ პროექტის დაწყებიდან უმოკლეს ვადაში საოცარი შედეგი დაიდოს. ეთნოგრაფიული მუზეუმი არის სივრცე, სადაც ეს პროექტი ცოცხალი უნდა ყოფილიყო, რადგან ახალ მიზიდულობის წერტილს ქმნიდა. დღეს კი ყველა კუთხით უკუსვლა გვაქვს“, - თქვა მან და იქვე დასძინა, რომ მუზეუმის წარმომადგენლები ტუროპერატორებს სთავაზობენ, თავად მოიყვანონ ფოლკლორული ანსამბლები თუ მცხობელები შოუს მოსაწყობად.

სოფო დარბაიძის შეფასებითვე, მსგავსი სტაგნაციაა ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ადრე არსებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრებიდან თითქმიდან არაფერი დარჩა.

„წერტილთან“ ინტერვიუში Milky Way-ს თანადამფუძნებელმა ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაზეც ისაუბრა. ტურ-მენეჯერს მიაჩნია, რომ საქართველოს ზომის ქვეყნისთვის რაოდენობრივ ტურიზმზე ორიენტაცია არასწორია.

„აბსოლუტური შეცდომაა მხოლოდ ტურისტების რაოდენობის დევნა. გაზაფხულზე ბუტანში ვიმოგზაურე და იმ ქვეყანამ არაჩვეულებრივად მაჩვენა, რამხელა მნიშვნელობა აქვს გაუფრთხილდე შენს რესურსებს - შემოიყვანო ცოტა, მაგრამ მხარჯველუნარიანი ტურისტი. ჩვენ ხომ არ ვართ საფრანგეთი ან გერმანია?! პატარა ქვეყანა ვართ. ელემენტარულად, მარჯანიშვილის ქუჩაზე შესაბამისი ტროტუარიც კი არ გვაქვს. სულ ვამბობ - მართლა იმდენი ტურისტი რომ შემოვიდეს, რასაც ოფიციალურ ციფრებში გვიწერენ, ქუჩებში ვეღარ გადავადგილდებით“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ტურიზმის შესახებ „მწარე სიმართლეზე“ საუბრისას, რესპონდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროპული ბაზრის ათვისების ხარვეზებზეც.

„ვენეციაში პირდაპირი რეისები გვაქვს, მაგრამ იტალიელებს საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია. ჩემმა იტალიელმა კოლეგებმაც კი არ იციან, რომ საკუთარი ქალაქიდან 50 ევროდ და 4 საათშია შესაძლებელი საქართველოში მოხვედრა. არასწორი მიმართულებით ვარეკლამებთ საკუთარ თავს“, - დასძინა მან.

„წერტილთან“ ინტერვიუში სოფო დარბაიძემ ყურადღება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და ინფრასტრუქტურაში რეინვესტირების შედარებასაც დაუთმო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ტურიზმის მარკეტინგზე (ძირითადად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის) 78 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - 100 მილიონი ლარი. ეს იმ ფონზე, როდესაც სექტორს ქვეყანაში 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაქვს.

„თურმე საქართველოში, ყოველ შემოსულ 100 ლარზე, ქვეყანა მხოლოდ 70 თეთრს ხარჯავს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის! ეს არის სასაცილო თანხა, რომელიც კოსმეტიკურ რემონტსაც არ ყოფნის. მერე გვიკვირს, საპირფარეშოები რომ არ არის და 10 წელია გიდები ელემენტარულ ინფრასტრუქტურას ითხოვენ... ალბანეთის მაგალითს მოვიყვან: იქაურ ტუროპერატორებთან მჭიდრო კავშირი მაქვს - ალბანეთი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 10%-ს აბრუნებს უკან ინფრასტრუქტურაში, ჩვენ კი 4%-ზე ნაკლებს. ეს უზარმაზარი სხვაობაა. ინფრასტრუქტურისა და ახალი მიზიდულობის წერტილების გარეშე, ყოველ ჯერზე უკმაყოფილო ტურისტს ვიღებთ“, - თქვა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

14 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

14 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

აშშ-ის მასშტაბით ყველა ავიარეისი შეჩერდა

აშშ-ის მასშტაბით ყველა ავიარეისი შეჩერდა

BM.GE

Mercedes-Benz-მა გერმანიაში ინვესტიციები შეაჩერა და ქარხნების დახურვას განიხილავს

Mercedes-Benz-მა გერმანიაში ინვესტიციები შეაჩერა და ქარხნების დახურვას განიხილავს

BM.GE

SpaceX მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში $74 მილიარდს ჩადებს

SpaceX მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში $74 მილიარდს ჩადებს

BM.GE