
MTA.SKI ამუშავდა – სამთო კურორტების აბონემენტები ონლაინ მხოლოდ ერთ ვებგვერდზე გაიყიდება
2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) სათხილამურო აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ინტერნეტით ბილეთების შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ სააგენტოს ახალ პლატფორმაზე, MTA.SKI-ზე იქნება შესაძლებელი.
„მთის ტრასების სააგენტოს“ განცხადებით, ვებგვერდი უკვე სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, ონლაინგაყიდვები კი ოფიციალურად 20 ნოემბრიდან დაიწყება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სააგენტო ელექტრონულ ბილეთებს პირდაპირ საკუთარი პლატფორმიდან გაყიდის.
როგორც MTA-ში განმარტავენ, ონლაინგაყიდვების შეზღუდვა მხოლოდ ერთ ვებგვერდზე მოქმედებს, თუმცა მომხმარებელს ბილეთების შეძენა ფიზიკურად - სამთო კურორტების სალაროებსა და პარტნიორ ობიექტებში კვლავ შეეძლება.
MTA.SKI ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოს ოთხივე ძირითადი კურორტის - გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სრულ საინფორმაციო ბაზას:
• ინტერაქციული რუკები: დამსვენებლები რეალურ დროში ნახავენ, რომელი ტრასა და საბაგიროა ღია, გაეცნობიან სასრიალო არეალების სირთულესა და სიგრძეს; • პირდაპირი ტრანსლაცია და ამინდი: ხელმისაწვდომი იქნება ონლაინკამერები, ინფორმაცია თოვლის საფარისა და მეტეოროლოგიური პირობების შესახებ; • უსაფრთხოება და 112: პლატფორმიდან პირდაპირ იქნება შესაძლებელი გადაუდებელი დახმარების ცენტრთან (112) დაკავშირება.
MTA-ს ცნობით, მიმდინარე სეზონიდან ციფრული სიახლეები სამაშველო სამსახურშიც დაინერგება. მაშველები სპეციალური პლანშეტებით აღრიცხავენ შემთხვევის ადგილს, დაშავებულის პირველად მდგომარეობასა და გაწეულ დახმარებას, რაც ინციდენტების ელექტრონული სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, ოთხივე კურორტს დაემატება უსაფრთხოების ახალი ინვენტარი: დამცავი ბადეები, სასიგნალო ნიშნები და დაშავებულთა გადასაყვანი სპეციალური ციგები (აკიები).
„მთის ტრასების სააგენტო“ ოთხივე ზამთრის კურორტზე სეზონის ოფიციალურ გახსნას 2026 წლის 20 დეკემბერს გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ახალი პლატფორმის ცნობადობის გაზრდისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით, MTA-მ ოქტომბერში 201 801 ლარის ღირებულების სარეკლამო-საიმიჯო მომსახურება შპს „ალმასგან“, გამარტივებული წესით შეისყიდა.
უწყების განმარტებით, უკონკურსო შესყიდვის მიზეზი „ალმას“ ექსკლუზიური უფლებები გახდა - კომპანია ექსკლუზიურად ფლობს სარეკლამო სივრცეებს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოსაცდელებზე, ცენტრალური ქუჩებისა და ხიდების ციფრულ ბილბორდებზე, ასევე გუდაურში მდებარე საკვანძო ლოკაციებზე.
ხელშეკრულების თანახმად, სარეკლამო კამპანია 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
BM.GE
წყარო: bm.ge