
მობილიზაციის მოლოდინში, რუსეთიდან საქართველოსკენ რეკორდული რაოდენობის მიგრანტი გაედინება | The Moscow Times
ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რუსეთიდან საქართველოს, სომხეთისა და სერბეთის მიმართულებით მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა გავიდა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში ემიგრანტების ნაკადმა ბოლო 17 წლის მაქსიმუმს მიაღწია. არსებული ინფორმაციით, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 660,300 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43,300-ით მეტია. ეს მაჩვენებელი 2022 წლის მობილიზაციის პერიოდში დაფიქსირებულ შედეგს 43%-ით აჭარბებს.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სომხეთში 402,300 ადამიანი გაემგზავრა, ხოლო სერბეთში გადასულთა რაოდენობამ 64,800 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის შემთხვევაში 2026 წლის მესამე კვარტალის მონაცემები ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს.
რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ პირველი განცხადება ივლისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკმარისი რაოდენობის კონტრაქტორების მობილიზება ვერ შეძლო, რის გამოც კრემლი დამატებით 300,000-დან 500,000-მდე ადამიანის გაწვევას გეგმავს.
Moscow Times-ის წყაროების ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ახლა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას და ახალი მობილიზაციის ტალღის დაწყებას განიხილავს, რის გამოც ქვეყანას მოქალაქეები აქტიურად ტოვებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge