
მთავრობა 45 ლოკომოტივის და 10 სამგზავრო მატარებლის შესყიდვის დაწყებას 2027 წლიდან გეგმავს - ფასი 890 მლნ ლარი
საქართველოს მთავრობა 2027 წლიდან საქართველოს რკინიგზის განახლებისთვის 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელექტროლოკომოტივისა და 10 თანამედროვე სამგზავრო ელექტრომატარებლის ეტაპობრივ შესყიდვას გეგმავს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2030 წლის ჩათვლით 890 მლნ ლარია. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წელს ამისთვის 250 მლნ ლარია გათვალისწინებული, 2028 წელს 250 მლნ ლარი, 2029 წელს 160 მლნ ლარი, ხოლო 2030 წელს 230 მლნ ლარი. პროექტი აზიის განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.
ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2027 წლიდან დაიწყება სამგზავრო მატარებლების ეტაპობრივი მიწოდება და ელექტროქვესადგურის მშენებლობა, ხოლო ახალი სატვირთო ელმავლების შემოყვანა 2028 წლიდან არის დაგეგმილი. საბოლოო მიზნად 2030 წლისთვის 45 ახალი მუდმივი დენის სატვირთო ელმავლისა და 10 სამგზავრო ელექტრომატარებლის ექსპლუატაციაში მიღებაა განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ელექტროქვესადგურის მშენებლობა, რომელიც სარკინიგზო ქსელს წევის ენერგიით უზრუნველყოფს და ახალი ელმავლების ოპერირებას უნდა შეუწყოს ხელი.
"ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს სარკინიგზო ქსელის ეფექტურობის, კლიმატური მედეგობისა და ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, 45 ახალი მაგისტრალური მუდმივი დენის სატვირთო ელმავლისა (DC Freight Electric Locomotives) და 10 თანამედროვე სამგზავრო ელექტრომატარებლის (EMU) შესყიდვა; რკინიგზის ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში ელექტროქვესადგურის მშენებლობა. 2027 წლიდან დაიწყება სამგზავრო მატარებლების ეტაპობრივად მოწოდება; 2027 წლიდან დაიწყება ელექტროქვესადგურის სამშენებლო პროცესი; 2028 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება ახალი მაგისტრალური მუდმივი დენის სატვირთო ელმავლების (DC Freight Electric Locomotives) შემოყვანა საქართველოში,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
45 სატვირთო ელმავლის შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია. „საქართველოს რკინიგზამ“ აგვისტოში საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 350 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტი თანაბრად, 175-175 მლნ დოლარით ფინანსდება მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ. ტენდერის პირობებით, პირველი ელმავალი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 27 თვეში უნდა მიეწოდოს რკინიგზას, ხოლო 45-ვე ერთეულის მიწოდება 55 თვეში უნდა დასრულდეს. კონტრაქტი ასევე მოიცავს ხაშურში მინიმუმ 45 ელმავლის მომსახურებაზე გათვლილი ახალი ტექნიკური ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობასა და აღჭურვას, ასევე ტექნიკურ მომსახურებას. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 30 ოქტომბერია.
რაც შეეხება 10 სამგზავრო ელექტრომატარებელს, „საქართველოს რკინიგზამ“ ივლისში საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა. კვლევის მიზანი პოტენციური მიმწოდებლების, ტექნიკური მოთხოვნებისა და მიწოდების პირობების შეფასებაა. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საბოლოო შესყიდვის სტრატეგიისა და სატენდერო პირობების მომზადებისთვის, რის შემდეგაც რკინიგზა ADB-სთან თანამშრომლობით საერთაშორისო შესყიდვის პროცედურას დაიწყებს. პროექტის აღწერაში ახალი მატარებლების საჭიროება, მათ შორის, თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებებზე მოძრავი შემადგენლობის დეფიციტის შემცირებასა და მომსახურების სიხშირის გაზრდას უკავშირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge