მთავრობა კომპანიებს სასპირტე ყურძნის ჩაბარებისთვის ₾30 მილიონამდე კრედიტის სუბსიდირებას შესთავაზებს
BM.GE|bm.ge
2026 წლის რთველისთვის სახელმწიფო ღვინის კომპანიებს საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით ყურძნის შესყიდვის დასაფინანსებლად 30 მილიონ ლარამდე მოცულობის საბანკო კრედიტის მიღების შესაძლებლობას მისცემს. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მექანიზმი ითვალისწინებს სესხის საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.
მთავრობის №285 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოებისა და იმ კომპანიების მხარდაჭერის ქვეკომპონენტი, რომლებიც ყურძენს საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით შეიძენენ, 2026 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება.
პროგრამის ფარგლებში სესხის მიღება შეეძლებათ მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნება განსაზღვრული. დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ყურძნის შესყიდვისთვის, ასევე ბრენდის წარმოებისთვის საჭირო მასალების - მათ შორის ბოთლების, საცობების, ეტიკეტებისა და შეფუთვის - შესაძენად.
ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხის მოცულობა 20 ათასი ლარიდან 30 მილიონ ლარამდე განისაზღვრება, ხოლო სესხის მაქსიმალური ვადა 36 თვეა.
საპროცენტო პირობები სესხის ტიპისა და მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 12%-დან 16%-მდე მერყეობს, ხოლო მცურავი განაკვეთის შემთხვევაში განაკვეთი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-დან 8%-მდე განისაზღვრება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტო ბენეფიციარებს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით გაუწევს. კომპანიებს ასევე მოეთხოვებათ სესხის მიზნობრივი გამოყენების დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნის წარდგენა.
რა ფასად ჩაიბარებს სახელმწიფო ყურძენს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წელს ჭარბი მოსავლის შემთხვევაში ყურძნის შესასყიდი ფასი შაქრიანობის მიხედვით დიფერენცირებული იქნება.
სააგენტოს განმარტებით, კანონით ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში ფასები შემდეგნაირად განისაზღვრება:
• 20%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში — 1.30 ლარი კილოგრამზე;
• 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში — 0.80 ლარი კილოგრამზე;
• 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 0.30 ლარი კილოგრამზე.
საფერავის ჯიშის შემთხვევაში ფასები განსხვავებულია:
• 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში — 1.50 ლარი კილოგრამზე;
• 17%-დან 22%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში — 0.90 ლარი კილოგრამზე;
• 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 0.30 ლარი კილოგრამზე.
შარშანდელი რთველისგან განსხვავებით, როდესაც სახელმწიფო ძირითადად საფერავსა და სხვა ჯიშებზე ერთიანი ფასით ყიდულობდა ყურძენს, 2026 წლისთვის გათვალისწინებულია ფასის დიფერენცირება შაქრიანობის მაჩვენებლის მიხედვით.
აგროთანადაფინანსების მექანიზმი და „მოსავლის მართვის კომპანია“
საბრენდე ყურძნის შესყიდვის მხარდაჭერის პროგრამა მოქმედებს როგორც კერძო ღვინის კომპანიებისთვის, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანიის“ საქმიანობის კონტექსტში.
„მოსავლის მართვის კომპანია“ რთველის პერიოდში მონაწილეობს იმ ყურძნის ჩაბარებაში, რომლის შეძენასაც კერძო სექტორი სრულად ვერ ახერხებს. კომპანია მიღებული ყურძნისგან აწარმოებს ღვინო-მასალას და საბრენდე სპირტს.
კომპანიის 2025 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მან 145.7 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარა, რაც მთლიანი მოსავლის დაახლოებით 44%-ს შეადგენდა. ამ მოცულობის ყურძნის შესყიდვის დასაფინანსებლად კომპანიამ 121.9 მილიონი ლარის საბანკო კრედიტი აიღო.
2025 წელს მიღებული ყურძნისგან კომპანიამ 100.6 მილიონი ლიტრი ღვინო-მასალა აწარმოა, საიდანაც დაახლოებით 10 მილიონი ლიტრი აბსოლუტური სპირტის მოცულობის საბრენდე სპირტი მიიღო.
2025 წლის რთველი და დაგროვილი მარაგები
სახელმწიფოს მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვის ერთ-ერთი მიზანია მევენახეებისთვის მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, თუმცა წარმოებული პროდუქციის შემდგომი რეალიზაცია სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
„მოსავლის მართვის კომპანიის“ ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ბოლოს კომპანიის მარაგები 220.7 მილიონ ლარად იყო შეფასებული, თუმცა მათი ღირებულება 52.2 მილიონ ლარამდე შემცირდა. მარაგების ჩამოფასებამ 168.5 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის რთველის ფარგლებში სახელმწიფოს კერძო სექტორის მიერ ჩაუბარებელი ყურძნის შესყიდვა მოუწია. კომპანიამ მევენახეებისგან 145.7 მილიონი კილოგრამი ყურძენი ჩაიბარა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 241 მილიონი ლარი დაიხარჯა.
გასულ წელს სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს კილოგრამზე 1.5 ლარად, ხოლო რქაწითელსა და სხვა ჯიშებს — 1.2 ლარად იბარებდა.
2026 წლის რთველის სუბსიდირების საბოლოო მოცულობა ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რადგან ჯერ უცნობია მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა და კერძო სექტორის მოთხოვნა, სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო დანახარჯების შეფასება ნაადრევია. სააგენტო აცხადებს, რომ სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მევენახეებისთვის მოსავლის ჩაბარების შესაძლებლობას.
ექსპორტის შემცირება და სექტორის გამოწვევები
ყურძნის ჭარბი მოსავლის საკითხი ბოლო წლებში ვენახების ფართობის ზრდის ფონზე გახდა უფრო აქტუალური. 2024 წლის ბოლოს საქართველოში ვენახების ფართობმა 59.9 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 2014 წელთან შედარებით 81%-ით მეტია.
ამ პერიოდში ღვინის გადამმუშავებელი შესაძლებლობები იმავე ტემპით არ გაზრდილა, ხოლო 2025 წელს შემცირდა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი.
2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 3.7%-ით შემცირდა და 117 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტი 7.4%-ით შემცირდა და 114 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა.
ექსპორტის შემცირების ფონზე, ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლების მოთხოვნა ყურძენზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს 2026 წლის რთველის პროცესზეც. სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული საკრედიტო თანადაფინანსების მექანიზმი კი მიზნად ისახავს კერძო კომპანიებისთვის ყურძნის შესყიდვის ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდას და ჭარბი მოსავლის მართვის პროცესის მხარდაჭერას.